ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების დროს გაზიარებულია ევროპის წამყვან ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკა და ასევე, ევროკავშირის და ევროსაბჭოს სხვადასხვა დირექტივები.
„კანონპროექტის მიზანია, თავშესაფრის სისტემა კონკრეტული პირების მხრიდან ბოროტად არ იქნას გამოყენებული ქვეყანაში ხანგრძლივად, ლეგალურად დარჩენის მიზნით. გარდა ამისა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი იმ პირების მიმართ, ვისაც არ ესაჭიროება საერთაშორისო დაცვა, სწრაფად უთხრას უარი და დაიწყოს შესაბამისი პროცედურები მათ მიმართ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
როგორც მომხსენებელმა მუხლობრივი განხილვისას განმარტა, დაზუსტდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც მიეთითა, რომ თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია არ გამჟღავნდება მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებისა და მოქალაქეებისთვის.
მისივე განმარტებით, გარკვეული ჩასწორებები გაკეთდა მე-10, მე-11 მუხლებში და მიეთითა, რომ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა წარედგინება საჭიროებისამებრ. ასევე დაკორექტირდა მე-3 პუნქტი, რომელიც ეხება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის განსაზღვრის ვადებს.
„კერძოდ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა შეიძლება პირს დაენიშნოს 3 თვემდე ვადით, რაც შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 6 თვემდე ვადით“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მომხსენებელმა თანმდევ კანონპროექტებთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებსა და დაზუსტებებზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვამდე, საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება.