ირაკლი კირცხალია - კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია, დაველოდოთ, რა განვითარება ექნება

ირაკლი კირცხალია

კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ შეურაცხმყოფელია, დაველოდოთ, რა განვითარება ექნება კანონპროექტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მალე გამოჩნდება, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას.

„არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კოშმარია ის ძალა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან. კოშმარზე როცა საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ. „მეგობარი აქტის“ სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია. ამ აქტის შექმნის ისტორია გახსოვთ? ვინ იყო საქართველოდან ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ? – ეს ყველაფერი რაღაც ეტაპამდე მივიდა, მაგრამ დაველოდოთ, რა განვითარება ექნება. დოკუმენტს პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს ხელი. ვნახოთ, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.