1746474873
ნარკორეალიზატორების დაკავება - საკონტროლო შესყიდვის ფარული კადრები საქმის მთავარი მტკიცებულებებია

ნარკოტიკის ხელიდან ხელში გადაცემა ის მეთოდია, რომლითაც ნარკოდანაშაულში ბრალდებულები მოქმედებდნენ. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-რეალიზაციისთვის, პოლიციამ 5 პირი დააკავა. საკონტროლო შესყიდვის ფარული კადრები საქმის მთავარი მტკიცებულებებია. მასალაში ნარკოტიკის რეალიზაციის კონკრეტული ფაქტები ჩანს.
ერთ-ერთი ბრალდებული, ნარკოტიკულ საშუალებებს, მასთან მისულ კლიენტს, საკუთარი ბინის სადარბაზოში აწვდის, სანაცვლოდ კი მომხმარებლისგან თანხას იღებს.
ბრალდებულების მიერ მითითებული სამალავებიდან, პირადი ავტომობილებიდან და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. ჰეროინი და მარიხუანა, ნარკოდანაშაულის საქმეში, ნივთმტკიცების სახით დევს.
"კურიერმა" დაკავებული ხუთი პირის ვინაობა გაარკვია. ერთ-ერთი იორდანიის მოქალაქეა. ის თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე, ქირით ცხოვრობდა. 24 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ბინაში აიყვანეს. მეზობლების თქმით, დანაშაულის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე პოლიცია მობილიზდა.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია სარაჯიშვილის ქუჩაზეც ჩაატარეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბინიდან დავით ბანციანი აიყვანა. 43 წლის მამაკაცის სახლის ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ ჰეროინი ამოიღო.
რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატები საქმის არსებით განხილვას ელოდებიან.
"კურიერთან" საუბრისას, პროკურორმა დღეს იმ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ნარკოდანაშაულის საქმეში უკვე დევს. მათ შორისაა ფარული კადრები, გამოკითხვის ოქმები და ექსპერტიზის პასუხები.
5-ვე დაკავებული წინასწარ პატიმრობაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.