ეს არის სრული სისულელე და ბლეფი – კახა კალაძე ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმებზე

კალაძე

ეს არის სრული სისულელე და ბლეფი. აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ოპოზიციის ნაწილის გეგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის თაობაზე.

მისი თქმით, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ აქვთ, რადგან არც დედაქალაქის და არც რეგიონების მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში. ამ ადამიანებს რესურსი არ აქვთ. როდესაც პოლიტიკაში ხარ და შენ არ გაქვს შენი ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, შენი ფასი არის ნული, როგორც პოლიტიკოსის. ნახეთ, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ არც დედაქალაქში, არც რეგიონებში. გარეთ დადიან და ვიღაცებს ხვდებიან, რა გინდა გარეთ, შენ დალოცვილო, როცა საარჩევნო კამპანიაა და ორ კვირაში არჩევნებია. მაგრამ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაიმე მოგისმენიათ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან აზრიანი ქვეყანასთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით? სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, შეურაცხყოფა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი ეს არის ოპოზიცია. იგივე ხოშტარია, რომ ავიღოთ, არავის ახსოვს საერთოდ ელენე ხოშტარია როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ამ ვანდალიზმით მას უნდა საზოგადოებას თავი შეახსენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებასა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ესეც კანონდარღვევა იქნება.

„სულ 30 „აკაცუკია“ რა უნდა გააკეთონ? ესეც კანონდარღვევაა, აბა, დაარღვიონ კანონი და მერე ვნახოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.