დავით სონღულაშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს და საქართველოში უნგრეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრა პონევაჩ-პანასს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის ყოფილ ელჩს, ანა მარია შიკოს საქართველო-უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გაღრმავებისა და უფრო ეფექტიანი პარტნიორობისთვის. როგორც იცით, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრეთის ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, რომლებთანაც, ცოტა ხნის წინ, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმებს. ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის და მნიშვნელოვან ერთობლივ საქმიანობასაც მოითხოვს.  ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, ტურიზმი, განვახორციელოთ ინვესტიციები, ვითანამშრომლოთ სოფლის მეურნეობის სექტორში. გარდა ამისა, ველოდებით ექსპერტების ჩამოსვლას, რომლებიც დაგვეხმარებიან ევროინტეგრაციის პროცესში და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებაში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროებთან ორი მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტების მიზანია ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა.