1692302192
,,ჩორჩანას ინციდენტი არის საკმაოდ მძიმე პროვოკაციული ქმედება - თავის დროზე ერთპიროვნულად, მაშინდელი შს მინისტრის მიერ განხორციელებული" - დავით მათიკაშვილი

"საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების" საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს საგამოძიებო უწყებაში სოფელ ჩორჩანას ერთ-ერთი მაცხოვრებელი გამოიკითხება. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდის პოზიციას, ისინი კვლავ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ექსპრემიერი მზადაა, ჩორჩანას შესახებ ონლაინ ჩართვის საშუალებით გამოიკითხოს.
მმართველ გუნდში კი გახარიას მიერ მიღებულ ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგებზე საუბრობენ.
"ჩორჩანას ინციდენტი არის საკმაოდ მძიმე პროვოკაციული ქმედება, თავის დროზე ერთპიროვნულად, მაშინდელი შს მინისტრის მიერ განხორციელებული, რამაც სერიოზული რისკის წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყანა - 1 მლნ კვადრატული ტყის რესურსი დაიკარგა, რაზედაც გავრცელდა საოკუპაციო ხაზი და მეორეს მხრივ - კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციული შესაძლებლობები გაჩნდა ქვეყანაში", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.