1692302192
ამ ხელისუფლებას არჩევნები, დემოკრატია გაუქმებული აქვს, ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიან დამხობას იმსახურებს - ლევან ხაბეიშვილი

ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერი, როცა აპირებენ არჩევნების ჩატარებას, წინააღმდეგობა არის ერთადერთი შესაძლებლობა, ივანიშვილის რეჟიმი იმსახურებს მშვიდობიან დამხობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, „საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი დაირაზმება ივანიშვილის წინააღმდეგ“.
„ბიძინა ივანიშვილი იჭერს ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია. თუ არ ვლაპარაკობთ პეპლებზე, პინგვინებზე, თუ ვისაუბრებ, რომ პენსიებმა მოიმატა, ადამიანებს ხელფასები მოემატათ, ყველაფერი კარგად არის, ეკონომიკა დუღს – რა კარგი კაცია, ეს იყოს თავისუფალიო, მაგრამ როგორც კი ლაპარაკობ გაჭირვებაზე, სიდუხჭირეზე, რუსულ რეჟიმზე და იმაზე, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, მაშინ აუცილებლად უნდა დაგაპატიმრონ. მას ასე წარმოუდგენია. პირდაპირ გეტყვით, არ მომწონს ყოველდღიურად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, ველოდებით, ვის როდის დააკავებენ. ჩემი აზრია, რომ ქართველ ხალხს სრული უფლება აქვს, თავი კი არ დავიცვათ, არამედ ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ ხელისუფლება, მათ შორის ყველა იმ ხერხით, რომელიც დასაშვებია კონსტიტუციით. კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ, ვფიქრობ, იქით არის შესატევი, იქით უნდა ვიყოთ თავდასხმის რეჟიმში და იქით უნდა იყვნენ თავდაცვის რეჟიმში. გულწრფელად ვფიქრობ ასე. ეჭვი მაქვს, საბოლოო ჯამში, ამის მობილიზებას შევძლებთ, ქართველი ხალხი დაირაზმება ივანიშვილის წინააღმდეგ. მე თუ მკითხავთ, დღესაც მინდა. მეტსაც გეტყვით, 2012 წელს რომ მოვიდა რუსული ხელისუფლება და რუსეთის აგენტები – ჩახალიანები და შკრილნიკოვები გამოუშვა, მაშინვე ცხადი იყო ჩემთვის. სხვათა შორის, გავრილოვი მარტო 2019 წელს კი არა, 2013 თუ 2014 წელი იყო, დაასეირნებდნენ დედაქალაქის ქუჩებში და მაშინვე ვაპროტესტებდი. ჩემთვის ეს ხელისუფლება რუსული იყო თავიდანვე. ახლა მთელი მსოფლიო აღიარებს, ამას ხომ ვხედავთ. მათ არავინ ართმევს ხელს, ყველა აღიარებს, რომ რუსული ხელისუფლებაა. ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერი, როცა ისინი აპირებენ არჩევნების ჩატარებას. ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათ თქვან, რომ არჩევნებს ვატარებთო. როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, ყველა პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი ციხეში ჰყავთ. „ახალის“ თავმჯდომარეები ერთი, მეორე ციხეში, „გირჩის“ თავმჯდომარე ციხეში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს ციხეში უშვებენ, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში, „ლელოს“ თავმჯდომარეები და ხელმძღვანელები ციხეში. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში. გავიგე, რომ სოზარ სუბარია გარეთ და ალბათ ფიქრობენ, მას მიაღებინებენ მონაწილეობას. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ წინააღმდეგობა არის ერთადერთი შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილი ამ დღეში არ გვამყოფებდეს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს. მე თუ მკითხავთ, ამ ხელისუფლებას არჩევნები, დემოკრატია გაუქმებული აქვს. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიან დამხობას იმსახურებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.