არჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დიპლომატიც აღარაა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად და პროპაგანდისტად არის ქცეული. იგივეა ევროკავშირის წარმომადგენლის შემთხვევაში - აშკარაა, რომ ელჩი ელჩს აღარ ჰგავს, დიპლომატი - დიპლომატს

არჩილ გორდულაძე

აშკარაა, რომ ელჩი ელჩს აღარ ჰგავს, დიპლომატი - დიპლომატს, ბიუროკრატი - ბიუროკრატს. სამწუხაროდ არავითარი სტანდარტები აღარ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

გორდულაძე მიიჩნევს, რომ როდესაც საქართველოს მიმართ ელჩებისა თუ ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმები შემცირდება, ეს იქნება იმის კლასიკური მაგალითი, რომ ურთიერთობები შეცვლილია.

„გერმანიის ელჩი დიპლომატიც აღარაა. სამწუხაროდ, ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად და პროპაგანდისტად არის ქცეული. იგივეა ევროკავშირის წარმომადგენლის შემთხვევაში, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ.

როდესაც ასეთი ამბები ხდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, როდესაც არის შანტაჟი და ზეწოლა ხორციელდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ნათელ მომავალს და სუვერენიტეტის გაძლიერებას, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა არსებობდეს და ეს ყველაფერი გამოსწორდეს. რასაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე წერდა, ეს არის ფაქტი, რომ შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

როდესაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ელჩებისა თუ ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმები შემცირდება, ეს იქნება იმის კლასიკური მაგალითი, რომ ურთიერთობები შეცვლილია“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას