ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში მას ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა

ჰჰ

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ამის შესახებ ზელენსკიმ The Guardian- თან ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს მოხდა თებერვალში ოვალურ კაბინეტში დაძაბული შეხვედრის შემდეგ.

„არ ვიცი ყველა დეტალი, მაგრამ, როგორც გავიგე, უდიდებულესობამ პრეზიდენტ ტრამპს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი გაუგზავნა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

სექტემბერში ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა მეფესთან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი პატივს სცემს მეფეს და მას „ძალიან მნიშვნელოვან“ პიროვნებად მიიჩნევს.

„უდიდებულესობა ძალიან მგრძნობიარეა ჩვენი ხალხის მიმართ. შესაძლოა, „მგრძნობიარე“ არ არის სწორი სიტყვა. ის ძალიან გვიჭერს მხარს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სხვა დასავლელი ლიდერებისგან განსხვავებით, მას არ „ეშინია“ დონალდ ტრამპის და უარყო ინფორმაცია, რომ მათი ბოლო შეხვედრა ვაშინგტონში დაძაბული იყო.

„მსოფლიოში ყველას ეშინია ტრამპის”, – აღნიშნა ზელენსკიმ. კითხვაზე, ეხება თუ არა ეს მასაც, ზელენსკიმ უპასუხა: „არა… ჩვენ არ ვართ ამერიკის მტრები. ჩვენ მეგობრები ვართ. რატომ უნდა გვეშინოდეს?”.