სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ უკრაინაში ომი დღემდე გრძელდება, მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ეს ვერ შეიცვლება - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯების გადადგმისთვის, რათა ფრონტზე ცეცხლი შეწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთია დამნაშავე, რომ ომი დღემდე გრძელდება და ეს მსოფლიოსთვის აშკარაა.

„ჩვენი, უკრაინის ინტერესია, არ გავაჭიანუროთ ომი, მაგრამ ვიყოთ მზად სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის. მსოფლიოსთვის აშკარაა, რომ სწორედ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ ომი დღემდე გრძელდება. უკრაინა მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის. საჭიროა რუსეთის სარკისებური მზაობა. ახლა ეს არ არსებობს და მსოფლიოს მხრიდან ზეწოლის გარეშე ეს ვერ შეიცვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა უზრუნველყოფს ზეწოლის თავის ნაწილს, კერძოდ, თავისი თავდაცვითა და აქტიური მოქმედებებით. ზელენსკის თქმით, ფრონტზე არსებული სიტუაციისა და შემდგომი მოქმედებების შესახებ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა მთავარსარდალთან და თავდაცვის სამინისტროსთან.