თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა

ტრამპი

თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა.

მედიაში გავრცელდა დონალდ ტრამპის სურათები, სადაც მას სავარაუდოდ თვალები აქვს დახუჭული ოვალურ კაბინეტში მედიასთან შეხვედრის დროს. ამ დროს დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები წონაში კლებისთვის საჭირო მედიკამენტების ფასების შემცირებაზე აკეთებდნენ განცხადებას.

როგორც „სიენენი“ წერს, ვიდეოში ჩანს, რომ გარკვეულ მომენტებში დონალდ ტრამპს თვალები დახუჭული ჰქონდა, ხოლო შემდეგ ის ცდილობდა თვალების გახელას.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ტეილორ როჯერსმა „სიენენს“ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ ჩასძინებია.

„სინამდვილეში, ის საუბრობდა მთელი ღონისძიების განმავლობაში და პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს. პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადება დაზოგავს მნიშვნელოვან თანხას და გადაარჩენს ამერიკელების სიცოცხლეს, მაგრამ წარუმატებელ ლიბერალურს მედიას სურს უაზრობის გავრცელება, იმის ნაცვლად, რომ გააშუქოს ეს მოვლენა“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აპრილში დონალდ  ტრამპმა სრული სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რის შემდეგაც მისმა ექიმმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს „შესანიშნავი ჯანმრთელობის მდგომარეობა“. შემდგომ, ივლისში თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა დაუდგინდა.