სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში მარკო რუბიოსთან ერთად გაემგზავრება

სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის 16 მაისს სტამბოლში სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთად გაემგზავრება.

როგორც უიტკოფმა დოჰაში ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას დაგეგმილ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს ანკარაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაოფ ერდოღანთან, თუმცა ვლადიმერ პუტინი თუ დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება. კრემლში ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.