პროკურატურამ, შაკო ნათენაძის საქმეზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა

შაკო ნათენაძე

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის საათებში, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად, 10 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ დაკავებულს წარდგენილი ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.