ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ
1746993797
მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევრები პროგნოზირებენ, რომ მომდევნო წლებში სოკოვანი ინფექციების გაჩენის რისკის ზრდა და მასშტაბური გავრცელებაა მოსალოდნელი. ამ გავრცელების მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებს მსოფლიო კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
თუ კლიმატის ცვლილების შესამცირებლად მიღებული ზომები არაეფექტური იქნება, სოკოვანი პათოგენები მეტ რეგიონებში გავრცელდება და მეტ ადამიანს დააყენებს საფრთხის წინაშე. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მთავარი საფრთხე არსებული ენერგეტიკული პოლიტიკაა და მათი თქმით აუცილებელია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადასვლა.
მოსალოდნელი შედეგები შემაშფოთებელია. მაგალითად, ამ სცენარის მიხედვით, ერთ-ერთი სოკოვანი ინფექციის Aspergillus flavus-ის გავრცელება შესაძლოა დაახლოებით 16%-ით გაიზარდოს, რაც ევროპაში 1 მილიონ ადამიანს დააყენებს ინფექციური საფრთხის წინაშე. ეს ინფექცია აზიანებს ადამიანის სასუნთქ სისტემას და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას.
პროგნოზები ასევე აჩვენებს, რომ სხვა ინფექცია — Aspergillus fumigatus-ის გავრცელების მასშტაბი შესაძლოა 77.5%-ით გაიზარდოსდა ევროპაში დამატებით 9 მილიონი ადამიანი დააყენოს რისკის ქვეშ. ეს სოკო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სიცოცხლისთვის საშიში პათოგენია. იგი აზიანებს ფილტვებს და არის ფატალური.
Aspergillus flavus არის სოკო, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ნიადაგში, ჰაერში და მცენარეულ მასალაში. ის ეკუთვნის Aspergillus-ის სახეობათა ჯგუფს.
ფოტო: Omar Adel
ეს ტენდენცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნა სულ უფრო რთული ხდება. სოკო თანდათან ეჩვევა და აღარ რეაგირებს იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ადრე ეფექტური იყო. დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები სოკოვანი ინფექციებისთვის ძალიან შეზღუდულია.
Wellcome-ის მიერ დაფინანსებული ახალი კვლევა აჩვენებს ინფექციების გამომწვევი სოკოების გავრცელებაზე კლიმატის ცვლილების გავლენას სხვადასხვა კლიმატური სცენარის მიხედვით და აფასებს მოსალოდნელ შედეგებს 2100 წლისთვის. მანჩესტერის უნივერსიტეტის დოქტორმა ნორმან ვან რაინმა და მისმა კოლეგებმა რუკაზე აჩვენეს თუ როგორ შეიცვლება სოკოვანი ინფექციების, Aspergillus flavus, Aspergillus fumigatus და Aspergillus niger, გლობალური გავრცელების მასშტაბი.
დოქტორი ვან რაინის გუნდის მიერ შესწავლილი რუკები, რომლებიც აჩვენებს Aspergillus-ის სახეობების სოკოების გეოგრაფიული გავრცელების არეალს.
სოკოვანი პათოგენების აღზევება სერიოზული საფრთხეა და კლიმატის ცვლილება მის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს წარმოადგენს. სოკოები საოცრად ადაპტირებადი ორგანიზმებია. მათი გენომი მოქნილია. ეს მათ ახალი გეოგრაფიული არეალების კოლონიზაციისა და გარემო პირობების ცვლილებისას გადარჩენის საშუალებას აძლევს.
"გარემოს ისეთი ფაქტორების ცვლილება, როგორიცაა ტენიანობა, ცვლის ჰაბიტატებს და განაპირობებს სოკოების ადაპტაციასა და გავრცელებას. უკვე ვნახეთ როგორ რეაგირებს Candida aurisტემპერატურის მატებაზე, მაგრამ ამ დრომდე ცოტა რამ ვიცოდით იმაზე, თუ როგორ უპასუხებდნენ სხვა სოკოები ამ ცვლილებებს. სოკოები შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი ვირუსებთან და პარაზიტებთან შედარებით, მაგრამ ეს რუკები აჩვენებს, რომ სოკოვანი პათოგენები მომავალში მსოფლიოს უმეტეს ნაწილს დააზიანებს. მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება და ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტია მათი შედეგების შესამცირებლად", — ამბობს დოქტორი ვან რაინი.
რუკები აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ეკონომიკა კვლავ ამოწურვად საწვავებზე იქნება დამოკიდებული, სოკოვანი პათოგენების გავრცელებისთვის არსებული კლიმატი ხელსაყრელი გახდება, განსაკუთრებით ევროპაში.
ასევე შემაშფოთებელია, რომ სოკოვანი ინფექციები ხშირ შემთხვევაში მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი დიაგნოსტიკის, ვაქცინებისა და მკურნალობის დეფიციტი, ასევე ცნობიერების დაბალი დონეა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ სოკოები ადამიანებთან გენეტიკურად ახლოს მყოფი არსებებია, მათი საწინააღმდეგო პრეპარატების ტოქსიკური ეფექტების გარეშე შექმნა ძალიან რთულია.
მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მატება ევროპაში სოკოების გავრცელებას შეუწყობს ხელს, აფრიკაში ტემპერატურა შეიძლება იმდენად მაღალი იყოს, რომ ზოგიერთი სოკო უბრალოდ ვეღარ გადარჩება. სოკო ეკოსისტემის აუცილებელი ნაწილია. ის მცენარეულ და ცხოველურ მასალას შლის და საკვებ ნივთიერებებს ნიადაგში აბრუნებს. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ნახშირბადოვან ციკლში, რომელიც გლობალური კლიმატის რეგულაციაზე ზემოქმედებს.
"სოკოვანი პათოგენები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე საკვები სისტემებისთვის. კლიმატის ცვლილება ამ რისკებს გაამწვავებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა კვლევითი სიცარიელეების შევსება. სოკოების გავრცელების რუკებისა და მოდელების მეშვეობით შეგვიძლია უკეთ დავგეგმოთ რესურსების გადანაწილება და მომავლისთვის მზადება," — აცხადებს ვივ გუსენსი, ორგანიზაცია Wellcome-ის კვლევების მენეჯერი
სოკოვანი ინფექციები ჰაერში არსებული სპორების საშუალებით ვრცელდება. განსაკუთრებით დაუცველები არიან ადამიანები, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი, თანმხლები დაავადებები ან სხვა რისკფაქტორები აქვთ. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, სოკოები შესაძლოა უფრო პათოგენურები გახდეს და ჯანსაღ ადამიანებშიც გამოიწვიოს ინფექციები.
მიუხედავად მზარდი საფრთხისა, სოკოვანი ინფექციები კვლავაც მცირე ყურადღებასა და რესურსებს იღებს. მილიონობით სოკოს სახეობიდან მხოლოდ 10%-მდეა აღწერილი და კიდევ უფრო ცოტა მათგანის გენომია დაშიფრული.
ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ
1746993797