საიდუმლო გვირაბები იტალიის ციხესიმაგრეში, რომლებიც და ვინჩის ნახაზებს ემთხვევა

გვირაბები

მეცნიერებმა სფორცას ციხესიმაგრის ქვეშ საიდუმლო გვირაბებს მიაგნეს, რომლებიც ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებულ მონახაზებს ჰგავს. ნაგებობა მილანში, იტალიაში, მდებარეობს.

მე-15 საუკუნეში ფრანცესკო სფორცამ, მილანის ჰერცოგმა, ძველი შენობის ნანგრევებზე ციხესიმაგრის აშენება ბრძანა. სფორცას ციხესიმაგრის დიზაინზე არაერთმა ხელოვანმა და არქიტექტორმა იმუშავა: ბერნარდინო ზენალემ, ბერნარდინო ბუტინოლემ, ასევე ლეონარდო და ვინჩიმ.

ცნობილია, რომ და ვინჩიმ ერთ-ერთი ცნობილი ოთახი, "ხის ფიცრების ოთახი", მოხატა. მეორე მხრივ, ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, იგი მხოლოდ შენობის შემკობით არ ყოფილა დაკავებული. და ვინჩი სამხედრო ინჟინერიც იყო, ამიტომ მილანის ჰერცოგს თავდაცვითი და სტრატეგიული მომსახურებაც შესთავაზა.

ამ დროისთვის და ვინჩი სასახლეში ესკიზებს ხატავდა. მონახაზები, როგორც ჩანს, ციხესიმაგრიდან გამომავალ მიწისქვეშა გვირაბებს ასახავს. მიჩნეულია, რომ ისინი სამხედრო მიზნებით შეიქმნა. ისტორიული ცნობების მიხედვით, გვირაბი ლუდვიკო ილ მორომაც ააგო, რათა ცოლის სიკვდილის შემდეგ მისი აკლდამა მოენახულებინა ხოლმე სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძარში. 

 

 

ფრანჩესკა ბიოლომ, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარმა, და მისმა კოლეგებმა ციხესიმაგრე მიწაში შემღწევი რადარით გამოიკვლიეს. მათ სფორცას ციხესიმაგრის ციფრული მოდელის შექმნა სურდათ. უნდოდათ აესახათ არამხოლოდ ციხის ამჟამინდელი მდგომარეობა, არამედ მისი უხილავი, მივიწყებული ისტორიული ელემენტებიც.

კვლევის შედეგად მეცნიერებმა გვირაბები აღმოაჩინეს, რომლებიც ლეონარდო და ვინჩის მონახაზებს დაემთხვა.

"მიწაში შემღწევმა რადარმა 3D მოდელი ცნობილი, მაგრამ მიუწვდომელი სივრცეების მონაცემებით გაამდიდრა, უცნობი გზები გამოააშკარავა და იდეები მოგვცა საიდუმლო კორიდორების კვლევისათვის", — განაცხადა ბიოლომ. 

გარდა იმ გვირაბისა, რომლითაც ილ მორო ცოლის აკლდამასთან მიდიოდა, მკვლევრებმა არაერთი საიდუმლო გზა იპოვეს. ისინი საუკუნეების განმავლობაში იყო დაკარგული. მათ მიერ აღმოჩენილი სტრუქტურები და ვინჩის მიერ შესრულებულ მონახაზებს ძალიან ჰგავს. ამის მიუხედავად, ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენად მონაწილეობდა იგი ამ გვირაბების შექმნაში.

"ლეონარდო და ვინჩი თავის დროში სახელგანთქმული იყო სამხედრო სტრუქტურებისა და თავდაცვითი სისტემების მიმართულებით", — განაცხადა ბიოლომ Live Science-თან საუბრისას — "ამის მიუხედავად, ვერ გავიგებთ, ზუსტად რა წვლილი შეიტანა მან მილანის ციხესიმაგრის ამ სტრუქტურების შექმნაში".

მეცნიერები კვლავაც განაგრძობენ ციხესიმაგრისა და მისი მიწისქვეშა გვირაბების 3D ციფრული მოდელის შექმნას.