1692302192
"მამამ უთხრა,- თეთრ კაბაში გაგათხოვე და უკან მხოლოდ სუდარით მიგიღებო..." - 12 წლის ასაკში გათხოვილ გოგოს, რომელმაც ქმარი მოკლა, სიკვდილით დასჯა ემუქრება (ირანი)
ირანში, არასრულწლოვან პატარძალს მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება, თუ ის დეკემბრის ბოლომდე 10 მილიარდ ტომანს (დაახლოებით 80 000 ფუნტ სტერლინგს) ვერ შეაგროვებს მსხვერპლის ოჯახისთვის გადასახდელად.
25 წლის გოლი კოჰკანი, შვიდი წელია, ციხეშია სასიკვდილო განაჩენით. ის 18 წლის იყო, როდესაც 2018 წლის მაისში ქმრის მკვლელობის გამო დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ეს საქმე ირანში ქალებისა და უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის სიმბოლოა, სადაც ბავშვთა ქორწინება ლეგალურია და ოჯახში ძალადობისგან სამართლებრივი დაცვა შეზღუდულია.
The Guardian-ის ინფორმაციით ,ის 12 წლის ასაკში იძულებით გაათხოვეს ბიძაშვილზე, 13 წლის ასაკში დაორსულდა და ბიჭი გააჩინა. კოჰკანი, წლების განმავლობაში, ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას განიცდიდა. როდესაც ერთხელ გაქცევა მოახერხა და მშობლების სახლში გაიქცა, მამამ უთხრა: „ჩემი ქალიშვილი თეთრ კაბაში გავათხოვე და ერთადერთი გზა, რომლითაც შეგიძლია დაბრუნდე სუდარაში გახვეულიო". ქმრის მკვლელობის დღეს, კოჰკანმა დაინახა, რომ ქმარი შვილს სცემდა, რომელიც მაშინ ხუთი წლის იყო. მან დახმარებისთვის ბიძაშვილს დაურეკა. როდესაც ის მივიდა, ჩხუბი დაიწყო, რაც მისი ქმრის სიკვდილით დასრულდა. კოჰკანმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და პოლიციას უამბო, რაც მოხდა. ის და ბიძაშვილი დააკავეს.
მოსამართლეებმა კოჰკანს ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა გამოუტანეს, თუმცა, ირანის კანონმდებლობის თანახმად, მსხვერპლის ოჯახს შეუძლია, შეიწყალოს იგი ფულის სანაცვლოდ - კომპენსაცია, რომელიც გადასახდელია მკვლელობის ან სხეულის დაზიანების გამო. ციხის თანამშრომლებმა მოლაპარაკება აწარმოვეს მსხვერპლის ოჯახთან: ისინი კოჰკანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ და გაათავისუფლებენ იმ პირობით, რომ ის 10 მილიარდ ტომანს გადაიხდის და გორგანის ქალაქს დატოვებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას მისცენ საშუალება დაუკავშირდეს თავის 11 წლის შვილს, რომელსაც, მამის მხრიდან, ბებია-ბაბუა ზრდის.












