ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752065110
ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოპათიის ნიშნები აქვთ, ტვინში, ემოციების კონტროლზე პასუხისმგებელ უბნებში, სტრუქტურული ცვლილებები აღენიშნებათ. ეს აღმოჩენა მკვლევრებს დაეხმარება, პიროვნული თავისებურებებისა და ქცევების მქონეებისთვის ახალი სამკურნალო მეთოდები შეიმუშაონ.
ფსიქოპათია რთული საკითხია, რადგან მასთან დაკავშირებული მრავალი ინფორმაცია არასწორ ან მოძველებულ წარმოდგენებს ეფუძნება. ის მოქმედ ფსიქიატრიულ სახელმძღვანელოებში დამოუკიდებელ დიაგნოზად არ მოიხსენიება. ტერმინს უფრო ხშირად პიროვნების გარკვეული თავისებურებებისა და ქცევების აღსანიშნავად იყენებენ. მაგალითად, ემოციების დეფიციტი, მანიპულატორობა, იმპულსურობა, სინანულის ნაკლებობა, ზედაპირული შარმი და ქრონიკული ასოციალური ქცევა.
ფსიქოპათიის ნიშნების ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ბოროტია. მიუხედავად ამისა, ამ თავისებურებების მაღალი დონე ნამდვილად შეიძლება, რომ ძალადობრივი ქცევის ტენდენციაზე მიანიშნებდეს. ასეთი ადამიანები დანაშაულს უფრო ხშირად სჩადიან, რისკი კი, რომ ეს ქცევა ისევ განმეორდეს, საკმაოდ მაღალია. ეს საზოგადოებისთვის სერიოზული ტვირთია. რამდენადაც ფსიქოპათიის ნიშნების მქონე ადამიანების გამოვლენაა საჭირო, იმდენად მათთვის მკურნალობის სწორი გზების პოვნა.
ახალ კვლევაში, აშშ-ისა და გერმანიის მკვლევრებმა თანამედროვე სკანირების ტექნოლოგიებით ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლების მქონე პირების ტვინის სტრუქტურული ცვლილებები შეისწავლეს. მათ ივარაუდეს, რომ ეს თავისებურებები შეიძლება, გარკვეულ უბნებს უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ მათ ნეიროსკანირება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ტვინის რუკა გამოიყენეს.
მონაწილეები ფსიქოპათიის განახლებული სიის (PCL-R) მიხედვით აარჩიეს. PCL-R ადამიანის ემოციურ განცალკევებასა (1 ფაქტორი) და ასოციალურ ქცევას (2 ფაქტორი) 20 კრიტერიუმზე დაფუძნებით აფასებს. სულ 39 მაღალი ქულის მქონე კაცი შეარჩიეს, შედარებისთვის კი ფსიქოპათიური ნიშნების არმქონე ჯგუფი. თითოეულ მონაწილეს ტვინის MRI სკანირება ჩაუტარეს.
შედეგები სხვადასხვა იყო. ტვინის სტრუქტურული განსხვავებები ემოციური განცალკევების მქონე პირებში თითქმის შეუმჩნეველი იყო. ასოციალური ქცევის ჯგუფში კი ტვინის რამდენიმე უბნის მოცულობა შემცირებული აღმოჩნდა.
ეს ცვლილებები ისეთ უბნებში დაფიქსირდა, როგორიცაა ქვედა განგლიები. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული სტრუქტურებია, რომლებიც მოძრაობის, ემოციისა და აზროვნების კონტროლში მონაწილეობს. სხვაობები თალამუსსა და თავის ტვინის ქერქშიც შეიმჩნეოდა. პირველი სენსორული და მოტორული ინფორმაციის გადაცემაში მონაწილეობს, მეორე კი ემოციურ და სოციალურ აღქმაში.
ფსიქოპათიის მაღალი ნიშნების მქონე პირებს ტვინის საშუალოდ 1.45%-ით ნაკლები მოცულობა აღენიშნებოდათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვაობა ჰიპოკამპუსის მარჯვენა სუბიკულუმში, წინა სინგულატურ და ინსულარულ ქერქში დაფიქსირდა. ისინი ტვინის ის რეგიონებია, რომლებიც პიროვნების ჩამოყალიბებაში, ემოციებისა და იმპულსების მართვაში მონაწილეობს.
„მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ PCL-R-ის მეორე ფაქტორით (ასოციალური ქცევით) გამოვლენილი დარღვევები დაკავშირებული ტვინის მოცულობით დეფიციტებთანაა", - წერენ მკვლევრები - „მომავლისთვის გამოვიკვლევთ, არის თუ არა ტვინის ეს სტრუქტურული ცვლილებები მემკვიდრეობითი და რამდენად უკავშირდება ისინი გარემო ფაქტორებს".