1765919119
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40-ზე მეტ გემს ახალი სანქციები დაუწესა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40-ზე მეტ გემს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, საუბარია დამატებით 41 გემზე, რომლებიც რუსეთის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილს წარმოადგენს და რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. შესაბამისად, კიდევ 41 გემი დაემატა იმ გემების სიას, რომლებსაც პორტებში შესვლა, ასევე საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრის მიწოდება ეკრძალებათ.
„ეს ზომა მიზნად ისახავს ევროკავშირის არაწევრი ტანკერების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილს წარმოადგენენ და გვერდს უვლიან ნავთობის ფასების ლიმიტის მექანიზმს ან მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, ან იმ გემების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე არიან პასუხისმგებელი ან მონაწილეობენ უკრაინიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებაში,“ – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ სანქცირებულ გემთა საერთო რაოდენობა თითქმის 600-მდე გაიზარდა. საბჭოს განცხადების თანახმად, „ევროკავშირი მზადაა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთსა და მის ჩრდილოვან ფლოტზე, მათ შორის დამატებითი სანქციების მიღებით“.











