ერდოღანი: ტრამპი უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდება, თუ პუტინიც მასში მონაწილეობას მიიღებს

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი მზად არის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თურქეთში ჩავიდეს, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების საკითხი მან ტრამპთან ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„მან [ტრამპმა] თქვა: „თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩამოვა მოლაპარაკებებზე სტამბოლსა ან ანკარაში, მეც ჩამოვალ“, - ციტირებს ერდოღანს სააგენტო.

„ჩვენ საჭირო კონტაქტებს დავამყარებთ, და ღვთის წყალობით რაც შეიძლება მალე გავმართავთ ასეთ შეხვედრას“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.