რომელ უნივერსიტეტებში შეუძლიათ ოქროს მედალოსნებს დაფინანსების მოპოვება - დეტალები
1781642607
ირანი და აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აცხადებენ ომის დაუყოვნებელ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით, იღებენ ვალდებულებას, რომ არ წამოიწყებენ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე მტრულ ქმედებას, თავს შეიკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარისგან ან გამოყენებისგან, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ 14-პუნქტიან მემორანდუმში, რომელსაც „სიენენი“ აქვეყნებს.
როგორც მემორანდუმის მე-4 და მე-5 პუნქტებშია აღნიშნული, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ ხსნის საზღვაო ბლოკადას და აღადგენს მიმოსვლას, ასევე, ირანი დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს სავაჭრო ხომალდების მიმოსვლის აღდგენა სპარსეთის ყურიდან ომანის ყურემდე.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მხარეები იღებენ ვალდებულებას, აწარმოონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ დასკვნით შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, რომლის ვადაც შესაძლებელია, გაგრძელდეს ორმხრივი თანხმობით. დასკვნითი შეთანხმება დამტკიცდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციით.
1. ირანი და აშშ, მიმდინარე ომში მათ მოკავშირეებთან ერთად, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აცხადებენ ომის დაუყოვნებელ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით, იღებენ ვალდებულებას, ამიერიდან არ წამოიწყებენ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე მტრულ ქმედებას, თავს შეიკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარისგან ან გამოყენებისგან. დასკვნითი შეთანხმება დაადასტურებს ამ მუხლისა და სხვა მუხლების დებულებებს;
2. ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, თავი შეიკავონ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან;
3. ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, აწარმოონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ დასკვნით შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, რომლის ვადაც შესაძლებელია, გაგრძელდეს ორმხრივი თანხმობით;
4. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ ხსნის საზღვაო ბლოკადას და აღკვეთავს ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ ჩარევას ან დაბრკოლებას და აღადგენს მიმოსვლას, მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში სრულად; ხომალდების მიმოსვლა იქნება ომისწინა მოცულობის და პროპორციული ირანის მხრიდან. ამასთან, აშშ იღებს ვალდებულებას, გაიყვანოს თავისი ძალები მიმდებარე ტერიტორიებიდან დასკვნითი შეთანხმების დადებიდან 30 დღის განმავლობაში;
5. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ირანი დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს სავაჭრო ხომალდების მიმოსვლის აღდგენა სპარსეთის ყურიდან ომანის ყურემდე და უკან, 30 დღის განმავლობაში, ომისწინა მოცულობამდე, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელი იქნება ირანის მხრიდან ხელის შემშლელი ტექნიკური ფაქტორების აღმოფხვრა და საზღვაო ნაღმების გაუვნებელყოფა;
6. აშშ იღებს ვალდებულებას, თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, შეიმუშაოს ორივე მხარის მიერ შეთანხმებული ყოვლისმომცველი გეგმა ირანის რეაბილიტაციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, ამასთან, უზრუნველყოფს დაფინანსებას არანაკლებ 300 მილიარდ დოლარის ოდენობით. ამ გეგმის განხორციელების მექანიზმი, როგორც დასკვნითი შეთანხმების ნაწილი, ჩამოყალიბდება 60 დღის განმავლობაში;
7. აშშ იღებს ვალდებულებას, დასკვნითი შეთანხმების ფარგლებში შეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი ყველა ტიპის სანქცია, გრაფიკის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციათა ჩათვლით, ასევე აშშ-ს ყველა ცალმხრივი სანქცია, როგორც პირველადი, ისე მეორადი.
8. ირანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იგი არასოდეს არ აწარმოებს ბირთვულ იარაღს. ირანი და აშშ შეთანხმდნენ, რომ გამდიდრებული მასალის ბედი და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა სხვა ორმხრივად შეთანხმებული საკითხის ბედი, ჯეროვნად იქნება განხილული დასკვნით შეთანხმებაში; დასკვნითი შეთანხმება დაადასტურებს ამ მუხლის დებულებებს;
9. ირანი და აშშ თანხმდებიან, რომ დასკვნითი შეთანხმების მიღწევამდე, შეინარჩუნებენ სტატუს კვოს: ირანი შეინარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ხოლო შეერთებული შტატები არ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ და არ გააძლიერებს თავის ძალებს რეგიონში;
10. აშშ იღებს ვალდებულებას, რომ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და სანქციების გაუქმების თარიღამდე, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო გასცემს გამონაკლისებს ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური პროდუქტებისა და მათი წარმოებულების ექსპორტისთვის და ყველა შესაბამისი მომსახურებისთვის – საბანკო, სადაზღვევო, ტრანსპორტირებისა და მსგავსების ჩათვლით;
11. აშშ იღებს ვალდებულებას, დასკვნითი შეთანხმებისკენ მიმავალ მოლაპარაკებების მსვლელობის გათვალისწინებით, ირანის გაყინული ან შეზღუდული თანხები და აქტივები გათავისუფლდება და სრულად ხელმისაწვდომი გახდება. ეს სახსრები, განურჩევლად იმისა, ინახება თუ არა ისინი მთავარ ანგარიშზე თუ გადარიცხულია, გამოყენებული იქნება ირანის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერი საბოლოო ბენეფიციართან ანგარიშსწორებისთვის და სრულად ხელმისაწვდომი იქნება გამოყენებისთვის. აშშ იღებს ვალდებულებას, ამის საფუძველზე გასცეს ყველა საჭირო ნებართვა და ლიცენზია;
12. ირანი და აშშ თანხმდებიან, რომ ჩამოყალიბდება განხორციელების მექანიზმი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს დასკვნითი შეთანხმების წარმატებულ განხორციელებას და მის მიმართ სამომავლო ერთგულებას;
13. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისა და ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-4, 5, 10 და მე-11 მუხლების განხორციელების დაწყებასთან დაკავშირებული გარანტიების მიღების შემდეგ და ამ ნაბიჯების შემდგომი განხორციელების პირობით, ირანი და აშშ შევლენ მოლაპარაკებებში დასკვნითი შეთანხმების დასადებად, მხოლოდ დანარჩენ მუხლებთან დაკავშირებით;
14. დასკვნითი შეთანხმება დამტკიცდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციით.