ამერიკელი სენატორი რენდ პოლი: აბსურდია იმაზე ფიქრი, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა და მეტი სანქცია მათ აზრს შეაცვლევინებს

რენდ პოლი

აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი განიხილეს.

დებატებზე სენატორმა რენდ პოლმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და თქვა, რომ მოსკოვის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება ძირს გამოუთხრის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, გამოიწვევს ესკალაციას და შექმნის ომის საფრთხეს.

სენატორ პოლის შეფასებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება ვერც უკრაინას დაეხმარება და ვერც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დაიცავს.

„რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება კოლოსალურად ცუდი იდეაა. ეს იქნება სახიფათო პროვოკაცია, რომელიც შექმნის რუსულ სამიზნეებზე სამხედრო შეტევის საფუძველს. რუსეთზე უფრო და უფრო მეტი სადამსჯელო ზომების დაწესება რეალურად ვერც უკრაინას დაეხმარება, ვერც მშვიდობას მოიტანს ევროპაში და ვერც ამერიკელების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. თუ სამშვიდობო მოლაპარაკებების განადგურება გსურთ, მაშინ მიიღეთ ეს კანონპროექტი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დეესკალაცია და სტაბილურობა ევროპაში, რაც რუსეთთან მხოლოდ სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის აგრესორი არაა. აბსურდია იმაზე ფიქრი, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა და მეტი სანქცია მათ აზრს შეაცვლევინებს“, - განაცხადა პოლმა.