1765953120
უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების დროს იმყოფებოდა - ალექსანდრე დარახველიძე
სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უმკაცრესი პოლიტიკა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებები ამ პოლიტიკის გაგრძელებაა.
„ცვლილებებით, უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭე ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართა. ბევრ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი, მაგალითად, სამი თვის გასვლის შემდეგ მოითხოვდა და აღიდგენდა მართვის მოწმობას, ეს მექანიზმი აღარ იარსებებს. ასევე, ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატია, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან. კერძოდ, ჯარიმა თუ აქვთ დაკისრებული, გადასახდელი ექნებათ. ასევე, ითვლებიან სახდელდადებულებად და ერთი წლის განმავლობაში განმეორებით თუ ჩაიდენენ იმავე ქმედებას, დაკვალიფიცირდება როგორც განმეორება და არა – როგორც პირველად ჩადენილი ქმედება. განმეორების შემთხვევაში კი უფრო მკაცრი სახდელებია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა აქვს, ამ ადამიანებს შანსი მიეცათ, მაგრამ დანაშაულს თუ გაიმეორებენ, სახელმწიფო უმკაცრესი იქნება.
„ამ ქმედებას მეორედ თუ ჩაიდენენ, დაისჯებიან განმეორებითი ჩადენისთვის, ბოლომდე მოუწევთ კანონით გათვალისწინებული სახდელის მოხდა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.










