მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში - სურამის შემოვლითი გზის გახსნით ვაღიარებთ, რომ თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და იზიდავს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, ეს არის ზრდის წინაპირობა ჩვენს საყვარელ საქართველოში

როლანდ პრაისი

საქართველოს გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ანიჭებს დაკავშირებადობას, საგზაო მარშრუტებს, ახალი საბაზრო მიმართულებების განვითარებას და მოქალაქეების წვდომას დასაქმების და სახელმწიფო სერვისებზე, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, გზა არის სიმბოლო წინსვლის, არის ხიდი ახალი შესაძლებლობებისადმი, ახალი და ნათელი მომავლისადმი. 

„ეს არის გზა, რომელიც აკავშირებს ხალხს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს და ახალ შესაძლებლობებს. როდესაც ამ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტს ვხსნით, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ტრანსფორმაციული გავლენა და თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და იზიდავს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს. ეს არის ზრდის წინაპირობა ჩვენს საყვარელ საქართველოში. საქართველოს გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ანიჭებს დაკავშირებადობას, საგზაო მარშრუტებს, ახალი საბაზრო მიმართულებების განვითარებას და მოქალაქეების წვდომას დასაქმების და სახელმწიფო სერვისებზე. როდესაც საქართველო ცდილობს გახდეს ჰაბი რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით, ზრდის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის, მედეგობის გაძლიერებისთვის ამ დიდებულ ქვეყანაში. ამ ჩქაროსნული გზით ძალიან მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ შუა დერეფანში, რომელიც მხარს დაუჭერს დივერსიფიკაციას, ეკონომიკურ გამძლეობას სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. 

როგორც როლანდ პრაისმა აღნიშნა, ეს მრავალმიმართულებიანი კორიდორი არის არა მარტო აზიის და ევროპის დამაკავშირებელი, არამედ ის საშუალება, რომელიც არსებულ შესაძლებლობებს ითვისებს, ზრდის ეკონომიკური განვითარების, ბაზრების განვითარების შესაძლებლობებს ქვეყნებს, რეგიონებსა და კონტინენტებს შორის. 

„შუა დერეფანი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი. შავი ზღვის ოპტიკური და ინტერნეტკაბელი, რომელიც აძლიერებს კიდევ უფრო გამძლე, კიდევ უფრო მზარდ ეკონომიკურ განვითარებას მთელს რეგიონში. საერთაშორისო დერეფნების წარმატება, იქნება ეს ციფრული, ეკონომიკური, სავაჭრო თუ ნებისმიერი სხვა განზომილების, მათ შორის, სატრანსპორტო, აძლიერებს თანამშრომლობას და ვაჭრობას დაინტერესებულ წრეებსა და მხარეებს შორის, რომელთაც ერთი ხედვა აქვთ, რომლებსაც უნდათ ინკლუზიური განვითარების წახალისება და ხელშეწყობა და ასოცირებული სარგებლის მიღება. შესაბამისად, იზრდება შესაძლებლობები, რომლებიც ყოველ ცალკეულ ადამიანს ექნება მიღებული. ამ მონაკვეთით, რომელსაც ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, 300-ზე მეტი კილომეტრია, რომელიც ბევრი ხიდითა და გვირაბით ერთიანდება. ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორი, აზიის განვითარების ბანკი, ევრობანკი და ევროკავშირის დელეგაცია არის ჩართული ამაში საქართველოს მთავრობასთან ერთად. მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გზების დეპარტამენტს, კონტრაქტორებს და ყველა თანამშრომელს, მათ შორის, მსოფლიო ბანკის გუნდს, რომლებიც მუხლჩაუხრელად იყვნენ ჩართული ამ მშენებლობაში და ამ ძალიან შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. როცა ერთად ვმუშაობთ ყველა იღებს სარგებელს და ეს შესაძლებლობების სივრცე და არეალი ფართოვდება. რეგიონული დაკავშირებადობა, თანამშრომლობა, საერთო მიზნების და ხედვის ირგვლივ ფუნდამენტურია. მედეგი და კეთილდღეობის მქონე იმედით, დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა როლანდ პრაისმა.