ვინ არის კაცი, რომელმაც ჩართულ ნაწილაკთა ამაჩქარებელში თავი შეყო და ცოცხალი გადარჩა

ანატოლი ბუგორსკი

ნაწილაკთა ამაჩქარებელი მოწყობილობაა, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს წარმოუდგენელ სიჩქარეებს ანიჭებს — ხშირად იმისთვის, რომ ისინი სხვა ნაწილაკებს შეეჯახოს. თავისთავად, ასეთი მოწყობილობებისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, თუმცა ამას ყოველთვის როდი ახერხებდნენ.

1978 წლის 13 ივლისს ფიზიკოსი ანატოლი ბუგორსკი U-70 სინქროტრონთან მუშაობდა. ეს საბჭოთა კავშირის უდიდესი ნაწილაკთა ამაჩქარებელი იყო. 36 წლის მეცნიერმა მწყობრიდან გამოსული ერთ-ერთი ნაწილის შემოწმება გადაწყვიტა. ბუგორსკიმ არ იცოდა, რომ უსაფრთხოების რამდენიმე მექანიზმიც გაფუჭებული იყო. ამრიგად, როდესაც ფიზიკოსი შესამოწმებლად დაიხარა, პროტონული სხივი მისი თავის უკანა ნაწილს თითქმის სინათლის სიჩქარით შეეჯახა.

თავიდან ბუგორსკის ტკივილი არ უგრძნია, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რა დაემართა, რადგან "ათას მზეზე უფრო კაშკაშა სინათლე" დაინახა. ფიზიკოსმა გადაწყვიტა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა და მოვლენების განვითარებას სახლში მშვიდად დალოდებოდა.

როგორც წესი, 500 რადის (რადიაციის საზომი ერთეული) ტოლი გამოსხივების შთანთქმა სასიკვდილოა, ბუგორსკის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 200 000-იდან 300 000-მდე რადი იყო. იმ ღამეს ფიზიკოსს სახე ისე შეუშუპდა, რომ მისი ცნობა თითქმის შეუძლებელი გახდა, ამიტომ მეორე დილას ექიმთან მივიდა. იქიდან ის სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს, რათა მეცნიერები მის სიკვდილს დაჰკვირვებოდნენ და შეესწავლათ — ბუგორსკის გადარჩენის იმედი არავის ჰქონია.

მომდევნო დღეების განმავლობაში ფიზიკოსს ჭრილობის (ნაწილაკთა მოხვედრის ადგილის) გარშემო კანი ასძვრა. დაზიანებული ქსოვილის გამო, სახეზე წვრილი და მკაფიო ხაზი გამოჩნდა, რომელიც სხივმა კანის, თავის ქალასა და ტვინის გავლით გამოუწვა.

ყველას გასაკვირად, ბუგორსკი ცოცხალი გადარჩა. მომდევნო წლების განმავლობაში მისი ტვინის ქსოვილი წვას განაგრძობდა, სახის მარცხენა ნაწილმა კი პარალიზება განიცადა. ამ მხარეს ფიზიკოსმა სმენაც დაკარგა. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ წლების შემდეგ ასაკი მხოლოდ სახის მარჯვენა ნაწილს შეეტყო.

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ბუგორსკის ეპილეფსიური შეტევები აღენიშნებოდა, თუმცა იგი ფუნქციურად აქტიური დარჩა — ფიზიკოსად მუშაობა განაგრძო და დისერტაცია დაიცვა. ნაწილაკთა ამაჩქარებელში თავშეყოფილი ადამიანის კვალობაზე ბუგორსკი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ფიზიკოსი სხივის ვიწრო ფოკუსის გამო გადარჩა, რადგან მას ტვინის მხოლოდ ის ნაწილი დაუზიანდა, რომლის გარეშე სიცოცხლეც შესაძლებელია.

საბჭოთა კავშირში ამგვარი ამბების კონფიდენციალურობის გამო, შემთხვევიდან ერთი ათწლეულის განმავლობაში ბუგორსკის მომხდარის შესახებ არავისთვის მოუყოლია. ის საბჭოთა კავშირის დაშლასაც მოესწრო და, სხვათა შორის, დღესაც ცოცხალია. წყარო