თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს ერთი წლითა და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯა

ეკრემ იმამოღლუ

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერი სტამბოლის მთავარი პროკურორის მიმართ „მუქარაში“ დამნაშავედ ცნო. ეკრემ იმამოღლუს ერთი წლითა და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

სტამბოლის მერი, სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და სასჯელი ძალაში არ შევა ვიდრე გასაჩივრების ყველა სამართლებრივი საშუალება არ ამოიწურება.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თურქეთში ორ წლამდე ვადით პატიმრობა, როგორც წესი, ჯარიმებით იცვლება, თუმცა იმამოღლუს კიდევ რამდენიმე სასამართლო პროცესი ელოდება და არსებობს რისკი, რომ მას პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა აეკრძალოს.

შეგახსენებთ, ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.