ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
ფერმენტირებული თევზის სოუსი, იგივე გარუმი, რომის იმპერიაში წარმოუდგენლად პოპულარული საწებელი იყო. სოუსის დასამზადებლად გამოყენებული ჭურჭლიდან აღებული დნმ-ის საფუძველზე, მეცნიერებმა დაადგინეს, ზუსტად რომელი სახეობის თევზს იყენებდნენ მის მოსამზადებლად.
რომაული თევზის სოუსი გამოირჩეოდა მლაშე და უმამის გემოებით; თუმცა, ფილოსოფოსი სენეკა მის ერთ ვერსიას აღწერს როგორც „დამპალი თევზის ზედმეტად ძვირად ღირებულ ნაწლავებს“. ამზადებდნენ რამდენიმე ფორმით, მათ შორის, თხევადი სოუსი, სახელად გარუმი ან ლიკვამენი; ასევე მყარი პასტა, სახელად ალეკი. საწებლის მოსამზადებლად, ჭყლეტდნენ თევზის დასამარილებელ მცენარეებსა და ფერმენტირებულ თევზს, რის გამოც, რთული ან შეუძლებელი ხდებოდა სახეობების ამოცნობა.
„გარდა იმ ფაქტისა, რომ ძვლები უკიდურესად პატარა და დაქუცმაცებულია, დრომ და მჟავიანმა გარემომ დნმ-ის დეგრადაცია განაპირობა“, — ამბობს პორტუს უნივერსიტეტის მკვლევარი პაულა კამპუსი.
კამპუსმა და მისმა კოლეგებმა დაახლოებით ახ. წ. მესამე საუკუნის ძვლიან ნიმუშებს დნმ-ის სეკვენირების ტესტები ჩაუტარეს. ნიმუშები ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, რომაული თევზის დამამარილებელი ფაბრიკიდან აიღეს. შეადარეს მრავალი ერთმანეთზე გადადებული დნმ მიმდევრობა და ისინი თევზის სრულ გენომს დაამთხვიეს, რამაც მათ მეტი ნდობა მისცა იმისა, რომ თევზის სწორი სახეობა გამოავლინეს.
ასე დადგინდა, რომ თევზის ნარჩენები ეკუთვნის ევროპულ სარდინს. აღმოჩენა ემთხვევა სარდინის ნარჩენების წინა ვიზუალურ იდენტიფიკაციას რომაული პერიოდის თევზის დამარილების სხვა ფაბრიკებში. გარუმის წარმოების სხვა ფაბრიკებში ასევე აღმოჩენილია თევზის დამატებითი სახეობები, მაგალითად, ქაშაყი, მერლანგი, სტავრიდა და ქაფშია.
ეს ამტკიცებს, რომ თევზის დეგრადირებულ ნარჩენებსაც შეიძლება ჰქონდეს იდენტიფიცირებადი დნმ, რის საფუძველზეც შესაძლებელია დადგინდეს, თევზის უძველესი საწებლისა და პასტის რეგიონულ ნაირსახეობათა ძირითადი ინგრედიენტები.
კვლევაში ასევე შეადარეს უძველესი და თანამედროვე სარდინების დნმ, რითაც დადგინდა, რომ ძველ დროში, ნაკლებად იყო გენეტიკური შერევა ოკეანის სხვადასხვა რეგიონის სარდინების პოპულაციებს შორის. ეს ცნობა შეიძლება დაგვეხმაროს საუკუნეების განმავლობაში ადამიანი-გარემოს ურთიერთქმედების ეფექტების შეფასებაში.
შემდეგ ეტაპზე კამპუსის ჯგუფი გეგმავს შეისწავლონ გარუმის საწარმოებში აღმოჩენილი თევზის სხვა სახეობები.