მყინვარების დნობამ შეიძლება ასეულობით მიძინებული ვულკანი გააღვიძოს — ახალი კვლევა

მყინვარები

კლიმატის ცვლილების ეფექტებმა შეიძლება ასეულობით მიძინებული ვულკანი გააღვიძოს მთელ მსოფლიოში, რამაც თავის მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს კლიმატის ცვლილების ეფექტები.

მოდელების თანახმად, რომლებიც პატაგონიის მყინვარების ქვეშ ცვლილებებს პროგნოზირებენ, ყინულის უკანდახევას შეუძლია მყინვარქვეშა ვულკანები გააღვიძოს.

მსოფლიო ვულკანურ ამოფრქვევათა მოახლოებული საფრთხის წინაშე არაა, მაგრამ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მყინვარების დღევანდელმა სწრაფმა დნობამ მომავალში შეიძლება გაზარდოს ამოფრქვევათა რისკი.

სავარაუდოდ, ეს ასეულობით წლის შემდეგ მოხდება, მაგრამ მზადყოფნა ყოველთვის კარგი ვარიანტია, განსაკუთრებით ანტარქტიდაზე, სადაც ამჟამად ყინულების ქვეშ ასზე მეტი ვულკანი იმალება.

კვლევა ეფუძნება პატაგონიის ყინულის საფარის გრძელ ისტორიას, რომელიც ერთ დროს სამხრეთ ამერიკის სამხრეთ წვერს ფარავდა. დაახლოებით 18 000 წლის წინ, როდესაც ყინულის საფარი ყველაზე დიდი და მძიმე იყო, მაგმა გროვდებოდა და კრისტალდებოდა ზედაპირიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრის სიღრმეზე.

თუმცა, კლიმატის გათბობასთან და მყინვარების დნობასთან ერთად, წნევა მოეშვა. მეცნიერთა აზრით, რადგან ყინულის სიმძიმისგან წნევა აღარ აწვებოდა, დედამიწის ქერქი მაღლა ამოიწია და მიწისქვეშა მაგმაში არსებულ აირებს გაფართოების საშუალება მიეცათ — ვულკანურ ამოფრქვევათა გადამწყვეტი ფაქტორი.

ამოფრქვევათა ისტორიის შესასწავლად, მკვლევრებმა ჩილეს ექვსი ვულკანიდან აღებული ნიმუშები შეისწავლეს. მათ შორის ერთ-ერთი, მოჩო-ჩოშუენკო, ახლა მიძინებულია, მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, წარსულში მის ამოფრქვევით აქტივობაზე გავლენა მოახდინა პატაგონიის ყინულის უკანდახევამ.

რეგიონის ყინულებისგან „განტვირთვას“, რასაც ფეთქებადი ამოფრქვევები მოჰყვა, დაახლოებით 3000 – 5000 წელი დასჭირდა; შესაბამისად, მოსამზადებლად ალბათ დიდი დრო გვაქვს.

თუმცა, რადგან პატაგონია ახლა ბევრ ყინულს კარგავს, ხმელეთის ნაწილი უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებლით აისხლიტება, რაც მეცნიერთა შეშფოთების საგანია.

„მყინვარები მათ ქვეშ არსებულ ვულკანთა ამოფრქვევის მოცულობას თრგუნავენ. თუმცა, ვინაიდან კლიმატის ცვლილების გამო, მყინვარები უკან იხევს, ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ეს ვულკანები უფრო ხშირად და უფრო ფეთქებადად ამოიფრქვევა“, — ამბობს ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ვულკანოლოგი პაბლო მორენო-იაგერი.

ისლანდიაში, ვულკანებისა და მყინვარების შესწავლისას მეცნიერებმა ასეთივე ფენომენი შენიშნეს, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი კვლევაა, რომელიც აჩვენებს, რომ იგივე ძალა კონტინენტურ მასშტაბზეც მოქმედებს.

„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ეს ფენომენი მხოლოდ ისლანდიით არ შემოიფარგლება, სადაც გაზრდილი ვულკანურობა შეინიშნება; ირკვევა, რომ ასეთი რამ ანტარქტიდაზეც ხდება. ახლო სამეცნიერო ყურადღების ქვეშ უნდა მოექცეს სხვა კონტინენტური რეგიონებიც, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილები, ახალი ზელანდია და რუსეთი“, — ამბობს მორენო-იაგერი.

მაგალითად, ანტარქტიდაზე მეცნიერებმა ჩაატარეს სიმულაციები, რომლებიც აჩვენებს, რომ თუ ზედმეტად ბევრი ყინული გადნება, ამან შეიძლება გაზარდოს სამომავლო ამოფრქვევები.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგმა ყინულის საფარს მთლიანად არ გაარღვევს, შეიძლება შიგნით ჩაადნოს სტრუქტურა.

„დროთა განმავლობაში, მრავალი ამოფრქვევის საბოლოო ეფექტმა შეიძლება წვლილი შეიტანოს გრძელვადიან გლობალურ დათბობაში, რადგან ამით გროვდება სათბურის აირები. ეს დადებით უკუკავშირის მარყუჟს წარმოქმნის, რომელშიც მყინვარების დნობა ამოფრქვევებს იწვევს და ამოფრქვევები თავის მხრივ განაპირობებს კიდევ უფრო მეტ დათბობას და დნობას“, — აღნიშნავს მორენო-იაგერი.

ასეთი კატასტროფული მომავლის ხილვა სურთ მეცნიერებს შორიდან, ძლიერ ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მისი შეჩერების გზა აღარ არსებობდეს.

კვლევის შედეგები პრაღაში, გოლდშმიდტის 2025 წლის კონფერენციაზე წარმოადგინეს.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.