მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც "ადამიანივით ფიქრობს"

ხელოვნური ინტელექტი

ჰელმჰოლცის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა უახლესი ხელოვნური ინტელექტი გამოუშვეს, რომელსაც ადამიანისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. ეს უაღრესად ზუსტი ტექნოლოგია ფსიქოლოგიური კვლევებიდან შეგროვებულ მილიონობით მონაცემს ეყრდნობა და გადაწყვეტილებებს რეალურ, თითქმის ადამიანურ სტილში იღებს. ეს რევოლუციური მოწყობილობა ადამიანის აზროვნების მოდელის უკეთ შესწავლისა და ხელოვნური ინტელექტის დახვეწის საშუალებას გვაძლევს.

წლების განმავლობაში, ფსიქოლოგები ადამიანის აზროვნების სირთულეების დაზუსტებასა და შესწავლას ცდილობდნენ, მაგრამ წინა კვლევებზე დაფუძნებული ყველა მოწყობილობა მაინც ხარვეზიანი იყო და ადამიანური ქცევისა და მეტყველების გამეორებას ვერ ახერხებდა.

მარსელ ბინცი და ერიკ შულცი მიუნხენის ჰელმჰოლცის ცენტრში ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტში მუშაობენ. მათი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ AI-ს ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც აქამდე არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე კონცენტრირდება. "კენტავრის" სახელით ცნობილი AI ყოვლისმომცველ მონაცემთა ბაზას (Psych-101) ეფუძნება და ჯამურად 160 ქცევითი ექსპერტის ათ მილიონზე მეტ ნაშრომს იცნობს.

"კენტავრის" ყველაზე გამორჩეული უნარი ადამიანისთვის დამახასიათებელი პასუხების გაცემაა და იგი არამარტო ნაცნობ კონტექსტს, არამედ ახალ სიტუაციებსაც თავისუფლად ეგუება. მან იცის თუ რა პრინციპით ვიღებთ ადამიანები გადაწყვეტილებებს და როგორ ვმოქმედებთ უცნობ გარემოში.

"კენტავრი" არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სამეცნიერო თეორიებსა და პროგნოზირების შესაძლებლობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ის ამჟამინდელი ენობრივი მოდელების ნაკლოვანებების დანახვასა და მათ გაუმჯობესებაში გვეხმარება, რაც მრავალი სფეროსთვის ახალ შესაძლოებს აჩენს.

ინსტიტუტის დირექტორი ერიკ შულცი ამბობს, რომ "კენტავრს" უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ მონაცემების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა ასეთი სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და კონტროლირებადი. იგი დარწმუნებულია, რომ ასეთი ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენება ადამიანური ბუნების შემეცნებაში დაგვეხმარება.

ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Nature-ში, რომლის თარგმანი on.ge-მ მოამზადა