ლემურები ქრონიკული ანთების განვითარების გარეშე ბერდებიან - რას ნიშნავს ეს ჩვენთვის

ლემური

 მეცნიერებმა ორი სახეობის ლემურში — კატისებრი და სიფაკა — უცნაური რამ შენიშნეს. აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველები თითქოს დაბერებასთან დაკავშირებულ ანთებით პროცესებს "გაურბიან". ახალი კვლევაც ზუსტად ამ შემთხვევის შესასწავლად ჩაატარეს. 

ეს მოულოდნელი აღმოჩენა მეცნიერებს უბიძგებს, რომ ადამიანის დაბერებასთან დაკავშირებული ქრონიკული ანთების გამომწვევ მიზეზებზე ხელახლა დაფიქრდნენ. ასევე ისინი გამოიკვლევენ, შეიძლება თუ არა, რომ ლემურებივით მოგვემატოს ასაკი.

შესაძლოა, ლემურები დაგვეხმარონ, ადამიანებში კავშირი ანთებასა და დაბერებას შორის უკეთ გავიგოთ. ბიოლოგიური ანთროპოლოგი ელეინ გევარა სწორედ ამას იკვლევს. თავის კვლევაში მან ასაკთან დაკავშირებული ანთების მოდელები ორი სახეობის ლემურში შეისწავლა. მისი აღმოჩენები ადამიანის დაბერების შესახებ აქამდე გავრცელებულ წარმოდგენას ეწინააღმდეგება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ სახეობას ბევრი მსგავსება აქვს, ისინი დაბერების სიჩქარითა და სიცოცხლის ხანგრძლივობით განსხვავდებიან. ეს მათ შედარებითი კვლევისთვის იდეალურ მოდელად აქცევს. რადგან როგორც ლემურები, ისე ადამიანები პრიმატები ვართ და საერთო ევოლუციური წარსული გვაქვს, ამ ცხოველებმა შეიძლება, მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგვცენ იმის შესახებ, როგორ განვითარდა დაბერება სახეობებს შორის. 

"ჩვენი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ოქსიდაციური სტრესის მაჩვენებლებში ასაკთან დაკავშირებული ცვლილება ლემურის არცერთ სახეობაში არ გამოვლინდა. პირიქით, კატისებრ ლემურებში ანთების დონე ასაკთან ერთად მცირედით კლებულობდა", — აღნიშნაგევარამ.

ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ლემურებს, შესაძლოა, დაბერებასთან დაკავშირებული ანთებითი პროცესების თავიდან აცილება შეუძლიათ. დაბერების პროცესში ადამიანებში ქრონიკული ანთება ვითარდება. ეს თავის მხრივ ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი, სიმსივნე და ოსტეოართრიტი.

რატომ იზრდება ადამიანებში ქრონიკული ანთება ასაკთან ერთად, რა იწვევს მას და როგორ შეიძლება მისი შეჩერება? ამ კითხვებზე პასუხები შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო ხანგრძლივად და ჯანმრთელად ვიცხოვროთ.

გევარას მკვლევართა ჯგუფის წევრის, კრისტინ დრეას თქმით, ოქსიდაციური სტრესის გასაზომად გუნდს პირველ რიგში მეთოდი უნდა შეემუშავებინა. მისი დონე შესაძლოა, გამოჩენილიყო სისხლში, ნერწყვსა და შარდში. გუნდმა საბოლოოდ შარდი აარჩია.

"ჩვენი თავდაპირველი მისია დაგეგმვა, იდეების მოფიქრება, შედარება და ნიმუშების შეგროვება იყო", — ამბობს დრეა, რომელიც 1999 წლიდან დიუკის ლემურების ცენტრთან მუშაობს — "არსებობს არაერთი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ დაბერება შეიძლება, მნიშვნელოვნად განსხვავებული იყოს ტყვეობასა და ველურ ბუნებაში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენად არის ადამიანის ანთებითი პროცესი შინაგანი და რამდენად გარემოთი განპირობებული".

ამავდროულად, გევარას თქმით, ეს კვლევა პირველი ნაბიჯია იმის გასაგებად, რატომ იტანჯებიან ადამიანები ანთებით და ასაკთან დაკავშირებული დაავადებებით.

"ლემურის არცერთ სახეობაში ასაკთან დაკავშირებული ანთებითი ცვლილება არ გამოვლენილა. პირიქით, კატისებრ ლემურებში ანთება მცირდებოდა", — თქვა გევარამ — "ეს აღმოჩენები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხანდაზმულ ასაკში უნარშეზღუდულობის რისკი შევამციროთ და ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ".