კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი - გეოლოგებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს

კალიფორნია აპოკალიფსური მიწისძვრისთვის ემზადება

სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც ერთმანეთს ორი ძირითადი ტექტონიკური რღვევის სისტემა - სან-ანდრეასი და სან-ხასინტო კვეთს, დედამიწის ქერქში ბოლო ათასწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სეისმური დატვირთვა დაგროვდა. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს, რომელიც ჟურნალ Journal of Geophysical Research-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების შეფასებით, რეგიონში ამჟამად გაცილებით მეტი ენერგიაა დაგროვებული, ვიდრე ბოლო 1000 წლის განმავლობაში ყოფილა. ეს გარემოება დამანგრეველი მიწისძვრების გაზრდილ საფრთხეზე მიანიშნებს, თუმცა სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზუსტი დროის პროგნოზირება შეუძლებელია.

კვლევის ავტორებმა ბოლო 1000 წლის სეისმური აქტივობის მოდელი შექმნეს და დაადგინეს, რომ ტექტონიკური დატვირთვა 1857 წლის შემდეგ უწყვეტად გროვდება. სწორედ იმ წელს ლოს-ანჯელესის რეგიონში 7.9 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

განსაკუთრებული ყურადღება კახონის უღელტეხილს ეთმობა, რომელიც მეცნიერებმა „მიწისძვრათა კარიბჭედ“ მოიხსენიეს. მათი განმარტებით, სწორედ ეს ტერიტორია განსაზღვრავს, სეისმური აქტივობა ერთ რღვევას დარჩება თუ მეზობელ რღვევებზეც გავრცელდება.

კვლევის მიხედვით, 1857 წლის მიწისძვრა მხოლოდ ერთ რღვევას შეეხო, მაშინ როდესაც 1812 წლის სეისმური მოვლენა მიმდებარე რღვევებზეც გავრცელდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რეგიონში არსებული დატვირთვის დინამიკა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

სპეციალისტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ კახონის უღელტეხილის მიდამოები მჭიდროდ არის დასახლებული და აქ მნიშვნელოვანი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც მდებარეობს, რაც ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

მკვლევრების თქმით, მათ მიერ შექმნილი მოდელი შესაძლოა მსოფლიოს სხვა სეისმურად აქტიური რეგიონების შესასწავლადაც გამოიყენონ.