დღეს, 3 ივლისს, დედამიწა მზეს ყველაზე დიდი მანძილით დაშორდება

დედამიწა

დღევანდელი თარიღი - 3 ივლისი - თითქოს არაფრითაა გამორჩეული, მაგრამ არა დედამიწისთვის. საქმე ისაა, რომ რამდენიმე საათში ის მზეს წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მანძილით დაშორდება. ამას აფელიუმი ეწოდება, ანუ ის ორბიტული მდებარეობა, რომელიც ჩვენს პლანეტას თავის ვარსკვლავთან ყველაზე მეტად აშორებს.

დედამიწის ორბიტა იდეალურ წრეს არ ქმნის, არამედ ოდნავ ელიფსურია. ეს ნიშნავს, რომ ის მზესთან არა ერთსა და იმავე, არამედ სხვადასხვა დისტანციაზე მოძრაობს — ზოგჯერ ჩვეულებრივზე მეტად შორდება, ზოგჯერ კი უახლოვდება. დღევანდელი მოვლენა სწორედ აქედან პირველს შეესაბამება და ის თბილისის დროით ზუსტად 23:54 საათზეა მოსალოდნელი. ყველაზე ახლო წერტილზე (პერიჰელიუმი) 2026 წლის 3 იანვარს აღმოვჩნდებით.

დღევანდელი აფელიუმისას დედამიწასა და მზეს შორის მანძილი 152 087 738 კილომეტრი იქნება. პერიჰელიუმისას ის საკუთარ ვარსკვლავთან დაახლოებით 5.1 მილიონი კილომეტრით უფრო ახლოსაა, ანუ 6.8%-ით მეტ რადიაციას იღებს, ვიდრე სხვა დროს.

შესაძლოა, ბევრ თქვენგანს გაუჩნდეს კითხვა: თუკი მზესთან ყველაზე შორს ვართ, მაშინ ახლა რატომაა ზაფხული? სინამდვილეში, დედამიწის სეზონების ცვლილებას აფელიუმთან და პერიჰელიუმთან საერთო არაფერი აქვს. მათ პლანეტის ღერძული დახრილობა განსაზღვრავს. მაგალითად, ახლა ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენაა გადახრილი, ამიტომ იქ ზაფხულია, სამხრეთში კი ზამთარია. 6 თვეში პირიქით მოხდება.

რაც შეეხება ორბიტალურ ახლო და შორეულ წერილებს, მათი თარიღი ყოველ 58 წელში ერთხელ დაახლოებით თითო დღით იცვლება. გასათვალისწინებელია, რომ დედამიწის ორბიტაზე იუპიტერისა და სატურნის გრავიტაციაც მოქმედებს და პერიოდულ (ათასწლოვან) ცვლილებებს განაპირობებს. ამას მილანკოვიჩის ციკლები ეწოდება. მათ განმავლობაში ჩვენი ტრაექტორია ხან წრეს ყველაზე მეტად ემსგავსება, ხან კი უფრო ელიფსური ხდება, მაგრამ წლის ხანგრძლივობა მაინც იგივე რჩება.

სეზონების ხანგრძლივობაზე გავლენა სწორედ ამას აქვს — ახლა დედამიწის ორბიტალური მოძრაობა უფრო წრიულია, ამიტომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული ზამთარზე 4.66 დღით დიდხანს გრძელდება, ხოლო გაზაფხული შემოდგომას 2.9 დღით აღემატება.