„ახლობელი ადამიანის დაკარგვის სტრესი სიკვდილის რისკს ზრდის“ - ახალი კვლევა

სამეცნიერო კვლევა

საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ მწუხარება ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შესაძლოა, სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქიკურ შედეგებამდე მიგვიყვანოს და ადამიანის სიცოცხლეზეც კი იქონიოს ზეგავლენა. ამის შესახებ სტატიას Independent აქვეყნებს.

დანიაში ჩატარებული 10-წლიანი კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ინტენსიურ და ხანგრძლივ მწუხარებას, სიკვდილიანობის რისკი 88%-ით მაღალი აქვთ იმ პირებთან შედარებით, ვისაც გლოვა შედარებით მსუბუქად გადააქვს.

კვლევისთვის მონაწილეებად შეირჩა 1700-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი, რომლებმაც ახლახან დაკარგეს პარტნიორი, მშობელი ან ახლო ნათესავი. მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ ხუთ ჯგუფად, მწუხარების სიმძიმის და
ხანგრძლივობის მიხედვით. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში – Frontiers in Public
Health.

„მაღალი მწუხარების“ მქონე ჯგუფში, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში
ინარჩუნებდნენ ძლიერ გლოვის სიმპტომებს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 88%- ით მაღალი იყო მსუბუქი გლოვის მქონე ადამიანებთან შედარებით. ამავე ჯგუფის წევრები ხშირად საჭიროებდნენ თერაპიას ან ანტიდეპრესანტებს გარდაცვალებიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი.

რატომ ხდება ასე? მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ ზუსტ მექანიზმს, თუ
რატომ არიან ინტენსიური მწუხარების მქონე ადამიანები უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

სავარაუდო მიზეზად განიხილება: ფსიქიკური სტრესი – რომელიც მოქმედებს
გულისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე;  სიცოცხლისადმი მოტივაციის
დაკარგვა – რაც გავლენას ახდენს ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 62 წელი, რაც ნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში რისკებს ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებიც განაპირობებდა. მონაწილეთა უმრავლესობა ქალი იყო. მაღალი მწუხარების ჯგუფში შედიოდა მხოლოდ 107 ადამიანი, რაც ცდის მასშტაბურობაზე გარკვეულ ზღვარს აწესებს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ საჭიროა უფრო მასშტაბური და
მრავალფეროვანი კვლევები, რათა ზუსტად განისაზღვროს გლოვისა და ფატალური
შედეგების კავშირი.

პარალელურად, ისინი სთხოვენ ოჯახებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მწუხარებისგან დაზარალებულ ადამიანებს და არ უმკურნალონ გლოვას მხოლოდ როგორცდროებით ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.