1752608534
ახალი კვლევის თანახმად, "საუკუნის შტორმი" შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი იყოს - CNN

ახალი კვლევის თანახმად, ყველაზე ძლიერი ჩრდილო-აღმოსავლეთის შტორმები - დამანგრეველი და ხშირად სასიკვდილო შტორმები, რომლებიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს წვიმით, თოვლითა და წყალდიდობით აზიანებენ - კლიმატის დაბინძურების გამო კიდევ უფრო ძლიერდებიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჩრდილო-აღმოსავლეთის შტორმები, რომლებიც, როგორც წესი, სექტემბრიდან აპრილამდე პერიოდში ყალიბდება, ჩრდილოეთიდან ცივ არქტიკულ ჰაერსა და ატლანტის ოკეანიდან უფრო თბილ, ნოტიო ჰაერს შორის ტემპერატურული კონტრასტით იკვებება.
ისინი უზარმაზარ საფრთხეს უქმნიან აღმოსავლეთ სანაპიროს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს. ბოლო რამდენიმე ათწლეული სავსე იყო მსგავსი ტიპის ქარიშხლებით, რომლებიც იმდენად დამანგრეველი იყო, რომ ზოგიერთმა მათგანმა კატასტროფების შესახებ ფილმების მსგავსი მეტსახელები დაიმსახურა.
1993 წლის მარტში "საუკუნის ქარიშხალი" ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი და გამანადგურებელი ქარიშხალი იყო, რომელმაც 160 კმ/სთ სიჩქარის ქარი გამოიწვია, ზოგან თოვლის სიმაღლემ 150 სმ შეადგინა და 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
2010 წელს "სნოუ მაგედონმა" პენსილვანიის, მერილენდის, ვირჯინიისა და დასავლეთ ვირჯინიის ნაწილებში 50 სმ-ზე მაღალი თოვლი გამოიწვია, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
პენსილვანიის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი და კვლევის ავტორი მაიკლ მანი "სნოუ მაგედონის" დროს სამი დღე ფილადელფიის სასტუმროს ნომერში იყო გამოკეტილი. სწორედ ამ გამოცდილებამ გააღვივა მისი ინტერესი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს გლობალურმა დათბობამ ამ ქარიშხლებზე.
არსებობს ზოგადი კონსენსუსი, რომ უფრო თბილ სამყაროში ნაკლები ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი იქნება, რადგან არქტიკა უფრო სწრაფად თბება, ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დანარჩენი ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შტორმების წარმოსაქმნელად ტემპერატურული კონტრასტები იკლებს.