„Messenger-ს“ ახალი ფუნქცია დაემატა
1749413893
ინფლუენსერობა ბევრი ახალგაზრდისთვის სასურველი პროფესია ხდება. ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთში სამი ათასი ბავშვი გამოჰკითხეს; მათმა მესამედმა ინფლუენსერობის სურვილი გამოთქვა, ასტრონავტობა კი 11%-ს სურდა.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ზოგიერთი პიროვნული მახასიათებლის მქონე ადამიანებს ინფლუენსერობა უფრო ხშირად სურთ. ამ პროფესიისადმი ექსტრავერტი, საკუთარ თავზე ფოკუსირებული და თეატრალური ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე ამ თვისებების ნაკლებად მქონენი.
კვლევა ვროცლავის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის მეცნიერებმა ჩაატარეს. ნაშრომი ჟურნალში Telematics and Informatics გამოქვეყნდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 773-მა ადამიანმა (გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებნი ოდნავ ჭარბობდნენ პოლონელებს) მიიღო. მათი ასაკი 16-17 წელი იყო. მკვლევრები მათ კარიერული გეგმებისა და საოცნებო სამსახურების შესახებ უსვამდნენ კითხვებს.
მონაწილეებს ასევე შეავსებინეს კითხვარები, რომლებიც ე. წ. დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებს აფასებდა. ესენია: გამოცდილებისადმი ღიაობა, პატიოსნება, ექსტრავერსია, თანხმობისათვის მზაობა და ნეიროტიციზმი. გაზომეს თეატრალური (ისტერიული) მახასიათებლებიც, რაშიც ყურადღების მიქცევისკენ მიმართული ქცევა, მაცდურობა და დრამატული ემოციური გამოხატულებები მოიაზრება. შეაფასეს ნარცისული მიდრეკილებებიც, ამ შემთხვევაში: საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბებული აღქმა და სხვებისაზე მეტად საკუთარ მიზნებსა და საჭიროებებზე ფოკუსირება.
ცნობისთვის: პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი (დიდი ხუთეული, Big Five) პიროვნების შეფასების ფსიქოლოგიური თეორიაა, რომელიც ხუთ ძირითად თვისებას ემყარება. ეს მოდელი პიროვნების შესაფასებლად ხშირად გამოიყენება სამეცნიერო კვლევებში.
კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: იმ მონაწილეებს, რომელთაც ექსტრავერსიის, ნარცისიზმის, გამოცდილებისადმი ღიაობისა და თეატრალურობის მაჩვენებლები უფრო მაღალი ჰქონდათ, სოციალურ მედიაში ინფლუენსერობა უფრო ხშირად სურდათ (იმ ადამიანებთან შედარებით, რომელსაც ეს თვისებები ნაკლებად ახასიათებდათ). ეს სწრაფვა შეიძლება იმით აიხსნას, რომ პროფესია ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს მიესადაგება და კონკრეტულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
ექსტრავერტებს, როგორც წესი, სოციალური ინტერაქცია და საკუთარი თავის საჯაროდ გამოხატვა სურთ; გამოცდილებისადმი ღიაობის მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებს ხშირად შემოქმედებითობა იზიდავთ და ამ მხრივ საკუთარი უნარების სჯერათ, "კონტენტის" შექმნა კი სწორედ ამას მოითხოვს; ნარცისული მიდრეკილებები, შესაძლოა, ადამიანებს ისეთი პროფესიებისადმი მიდრეკილებას უჩენდეს, რომლებშიც თავის წარმოჩენისა და სტატუსისკენ სწრაფვას შეძლებენ; ამავე პრინციპით შეიძლება ჰქონდეთ მაღალი თეატრალური მახასიათებლების მქონე ადამიანებს ინფლუენსერობისადმი ინტერესი.
გასათვალისწინებელია, რომ კვლევა კორელაციურია და მიზეზშედეგობრივ კავშირებს არ აჩვენებს. სხვა სიტყვებით, ამ ნაშრომის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები იწვევს ინფლუენსერობის სურვილს ან პირიქით; ნაშრომით მხოლოდ ამ თვისებებისა და პროფესიული მიდრეკილების დამთხვევა დაფიქსირდა.
ამასთანავე, კვლევის მონაწილეები მხოლოდ 16-17 წლის მოზარდები იყვნენ ორი ქვეყნიდან; შესაბამისად, შედეგები შეიძლება ყველა პოპულაციაზე არ განზოგადდეს, ანუ სხვა ქვეყნებისა და ასაკის მოსახლეობისთვის მართალი არ იყოს.