ლიონელ მესი: მაქვს მოტივაცია, კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო

ლიონელ მესი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ვენესუელას წინააღმდეგ 3:0 გაიმარჯვა, შეხვედრაში ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ მესიმ განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ამის მოტივაცია აქვს.

„მოტივაცია ნამდვილად მაქვს, კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო, მაგრამ წინ დიდი დროა და საბოლოო პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ფორმაში ვიქნები.

როცა კარგად ვგრძნობ თავს, თამაში სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ თუ რამე მაწუხებს, ეს ყველაფერი სასიამოვნო არ არის. ვეცდები, საუკეთესო ფორმაში ვიყო. სეზონს დავასრულებ, შემდეგ იქნება პრესეზონი და მერე ვნახავთ, როგორ ვიქნები, ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მესიმ.

ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. მონაწილეობის შემთხვევაში, ლეგენდარული არგენტინელისთვის ეს მეექვსე მუნდიალი იქნება.