პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751907099
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი დონეცკის „შახტარმა“ ევროპა ლიგის განაცხადში შეიყვანა – ინფორმაცია უკრაინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
„შახტარმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ხორვატული „გორიცა“ 1:0 დაამარცხა, ხოლო ჩეხურ „სლოვაცკოსთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა. ამ მატჩებში გოჩოლეიშვილს არ უთამაშია, ხოლო აზაროვი ორივე შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა.
დონეცკის „შახტარი“ ახალი სეზონისთვის ახალ მწვრთნელთან ერთად ემზადება. ხორვატი მარიო პუშიჩი თურქმა არდა თურანმა შეცვალა. ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის გარდა, კლუბში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი, ლუკა ლაცაბიძეც ირიცხება, მაგრამ ის ევროპა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა.
ლაცაბიძემ გასული სეზონი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა, მაგრამ იჯარის ვადა დასრულდა და კლუბს დაუბრუნდა. ლაცაბიძემ სლოვაკეთში დასრულებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა და სავარაუდოდ, ევროპა ლიგის განაცხადშიც ამ მიზეზით ვერ მოხვდა.
დონეცკის „შახტარი“ 10 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გამართავს, სადაც ფინურ „ილვესს“ უმასპინძლებს.