1751832207
ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ადგილობრივებს ჯოჯოხეთში გაეღვიძათ. რეკორდული ტემპერატურის გამო, მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა და იქაურობა ცეცხლის ალში გაეხვა. 1 500-ზე მეტი ტურისტი და ადგილობრივი უკვე ევაკუირებულია. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. დაშავებულია ოთხი ადამიანი.
ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ თურქეთის კურორტებზეც. ბოლო 5 დღეში ხანძრის 342 კერა აღირიცხა აქედან 6 ამ დრომდე მძვინვარებს ევაკუირებული იზმირიდან და ჰათაიდან 46 000 ადამიანი. ვრცელდება ვიდეომასალაც, სადაც ჩანს ადგილობრივები საკუთარი ძალებით როგორ ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. მუშაობს ავიაციაც.
ანომალიურ სიცხეს დედამიწის დიდი ნაწილი ებრძვის. ექსპერტები კლიმატურ ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. ხმელთაშუა ზღვის ტემპერატურა 6 გრადუსით არის მომატებული.
საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული.
ესპანეთის ქუჩებში "კურიერი P.S.-მა" ტაბლოზე ჰაერის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. მადრიდსა და ბარსელონაში შუადღისას სპეციალისტები მოქალაქეებს შინ დარჩენას ურჩევენ. ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია. მსგავსი სიცხე ესპანელებს ბოლო სამოცი წელის განმავლობაში არ ახსოვთ. ტყის ხანძრებს ქვეყანაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაღალი ტემპერატურის გამო, 2 ადამიანი დაიღუპა იტალიაშიც. ღია ცის ქვეშ ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსს აღწევს. უხვი ნალექის გამო ქვეყნის რეგიონებში წყალდიდობა იყო.
გაუსაძლისი სიცხეა დიდ ბრიტანეთში. გასულ კვირას, ქვეყანაში წლის ყველაზე ცხელი დღე იყო.
პარიზში, მხოლოდ ჩრდილში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. დაკეტილია ეიფელის კოშკი და სკოლები. თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა დაკეტეს ბელგია ბრიუსელშიც.
ევროპის მასშტაბით და ისტორიაში პირველად, ჰაერის ყველაზე მაღალი, 46.6 გრადუსი პორტუგალიაში ლისაბონიდან 100 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. პორტუგალიის ჩრდილოეთით დამსვენებლები იშვიათმა ბუნებრივმა მოვლენამ - ცუნამის მსგავსმა ღრუბელმა შეაშინა. გიგანტური ღრუბელი ერთდროულად სამი ქალაქის ცას გადაეფარა.
მსოფლიოს ერთი ნაწილი ძლიერ სიცხეს ებრძვის, მეორე კი სიცივეს. ჰაერის ტემპერატურის რეკორდული ვარდნა არგენტინაში დაფიქსირდა. აქ სიცივეს 9 ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
არგენტინა ბოლო დღეებში უიშვიათესმა ყინვებმა მოიცვა. ბუენოს-აირესში გასულ კვირას -18 გრადუსი იყო ყინვა, ეს ბოლო 34 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დედაქალაქიდან 25 კილომეტრში მედაბრე ელ-პალმარში დაფიქსირდა -58 გრადუსი წლის მინიმუმი ყინვა.
თოვლი მოვიდა ატლანტის სანაპიროს ისეთ ქალაქებშიც, როგორიცაა მირამარი, სადაც ადგილობრივებს თოვლი 12 წელია არ უნახავთ.
კლიმატურმა ცვლილებებმა სტიქიური უბედურებებიც გამოიწვია. ტეხასში წყალდიდობამ ხალხით სავსე სახლი გაიტაცა, სტიქიის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სანამ მსოფლიო გაუსაძლის სიცხეებსა და ტყის ხანძრებს ებრძვის, სპეციალისტები კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემენ და მოქალაქეებს დღის საათებში გარეთ გასვლისგან თავის შეკავების ურჩევენ.