„საუზმეზე დავუძახე, მაგრამ პასუხი არ გამცა, ოთახში შევედი და დავინახე...“- ვრცელდება გარდაცვლილი თურქი მსახიობის დედის ჩვენება

თურქი მსახიობი

თურქი მსახიობი ეჯე ირთემი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით სერიალ „შერბეთის“ იშილის როლით გაიცნო, 2026 წლის 15 ივნისს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა. პირველადი ცნობებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა საბოლოო მიზეზი მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქმის ახალი დეტალები მსახიობის დედამ, ნურიე ირთემმა გაასაჯაროვა, რომლის ჩვენებაც პოლიციამ უკვე ჩამოართვა.

მისი თქმით, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ისინი ეჯეს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

„17:51 საათზე ჩვენი სახლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში წავედით დაბადების დღის აღსანიშნავად. ტორტი გავჭერით და ერთად გავერთეთ. 20:36 საათზე სახლში დავბრუნდით. ჩემი შვილი ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ ალკოჰოლისგან ძლიერ იყო ნასვამი, ამიტომ დასაძინებლად დავაწვინე. ღამით გავიგონე, როგორ ადგა ტუალეტში გასასვლელად და შემდეგ ისევ საწოლში დაბრუნდა“, — განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

მისივე თქმით, დილით შვილის გაღვიძება ვეღარ შეძლო.

„საუზმეზე დავუძახე, მაგრამ პასუხი არ გამცა. ოთახში რომ შევედი, დავინახე, რომ პირიდან მუქი ფერის სითხე მოსდიოდა. ის ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს და ამავდროულად ძლიერ ანტიდეპრესანტებსაც იღებდა“, — აღნიშნა ნურიე ირთემმა.

მომხდარის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

ამასთან, დაზუსტდა მსახიობის დაკრძალვის დეტალებიც. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ეჯე ირთემი მშობლიურ იზმირში უნდა დაეკრძალათ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსახიობს უკანასკნელ გზაზე ოთხშაბათს, ქუშადაშიში გამართული რელიგიური ცერემონიის შემდეგ გააცილებენ.

ეჯე ირთემის გარდაცვალებამ თურქეთში დიდი მწუხარება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და გულშემატკივრებმა მსახიობს ემოციური პოსტებით მიაგეს პატივი.