ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
ფენგ იუძიანგი 55 წლის ჩინელი პარაპლანისტია. ერთ დღესაც მან ახალი აღჭურვილობის მიწაზე გამოცდა გადაწყვიტა. იუძიანგს აფრენა საერთოდ არ ჰქონია განზრახული. მოულოდნელად კი ჰაერის აღმავალმა ნაკადმა პარაპლანისტი 8 500 მეტრის სიმაღლეზე ააფრინა.
როგორც ჩანს, ჩვენი უიღბლო "იკაროსი" ჰაერის საშიშმა ნაკადმა წაიღო, რომელსაც მსრუტავ ღრუბელს ეძახიან. ამ პრობლემას პარაპლანისა და დელტაპლანის მოყვარულები ხშირად აწყდებიან. მსრუტავი ღრუბელი მაშინ წარმოიქმნება, როცა მიწის ზედაპირთან მოძრავი თბილი ჰაერის მასები მოულოდნელად მაღლა იწყებს ასვლას და დიდ ღრუბლად იქცევა. რაც უფრო იზრდება ღრუბლის ზომა, მით უფრო ძლიერად ადის ჰაერის ნაკადები მაღლა. ეს ვერტიკალურ შესრუტვას იწვევს — მასში მოხვედრილი ნებისმიერი საგანი სულ უფრო მაღლა ადის.
როგორც ფენგი განმარტავს, ის სწორედ ზევითკენ მოძრავი ღრუბლის მსხვერპლი გახდა, რომელსაც ჭექა-ქუხილის ღრუბელს ეძახიან.
"მოულოდნელად ჭექა-ქუხილის ღრუბლებში აღმოვჩნდი. ძალიან შემეშინდა — ჩემ გარშემო ყველაფერი თეთრი იყო. კომპასი რომ არ მქონოდა, ვერ მივხვდებოდი, რა მიმართულებით მივყავდი ქარს. მეგონა პირდაპირ მივფრინავდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ვტრიალებდი", — თქვა ფენგმა CNN-თან ინტერვიუში.
ამ მოვლენის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში მასშტაბურად გავრცელდა. ჩანაწერში ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ყინულის ლოლოებით დაფარული ფენგი პარაპლანის გუმბათის დამორჩილებას. Sixth Tone-ის მიხედვით, ფრენისთვის თვალის მისადევნებელი მოწყობილობის მონაცემებით ფენგი 8 598 მეტრზე იყო ასული. ეს მაჩვენებელი ევერესტის სიმაღლეს სულ რაღაც 250 მეტრით ჩამორჩება.
როგორც წესი, მთამსვლელები 8 000 მეტრს გადაცილებულ ნებისმიერ სიმაღლეს "სასიკვდილო ზონას" ეძახიან. აქ ატმოსფერული წნევა დაბალია, ჰაერი კი — გაუხშოებული. უკიდურეს შემთხვევაში ამან შეიძლება ჰიპოქსია გამოიწვიოს. ჟანგბადის ნაკლებობის საკომპენსაციოდ გული და სასუნთქი სისტემა უფრო გამალებით იწყებს მუშაობას. ეს კი, თავის მხრივ, გულის შეტევის რისკს ზრდის.
მსგავს სიმაღლეზე სისუსტე, კოგნიტიური უნარების დაქვეითება და ფსიქოზიც შესაძლებელი ხდება. ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობას, ცერებრალურ ედემასაც იწვევს. გარდა ამისა, "სასიკვდილო ზონაში" ტემპერატურა შეიძლება -40°C-მდეც დაეცეს. ეს ნიშნავს, რომ სხეულის რომელიმე ნაწილი შეიძლება მოიყინოს.
ზუსტად გახსენება უჭირს, მაგრამ ფენგის ვარაუდით ის რაღაც დროის განმავლობაში გულწასული იყო. საბოლოოდ მან დაშვება მოახერხა — იმ ადგილიდან 30 კმ-ის დაშორებით, საიდანაც აფრინდა. ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით, პარაპლანისტებს ნებისმიერი ფრენის წინასწარ დარეგისტრირება ევალებათ. ამის გამო ფენგს ფრენა 6 თვით აეკრძალა. მეორე მხრივ, ამ გამოცდილების შემდეგ ალბათ თავადაც არ მოუნდება ხელმეორედ ფრენა, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მაინც.
ცნობისთვის, ფენგის შემთხვევა რეკორდული არ არის. 2007 წელს ავსტრალიაში ევა ვიშნიერსკას ზუსტად იგივე გადახდა. პოლონელი პარაპლანისტი კიდევ უფრო მაღლა — 10 054 მეტრზე აფრინდა. ამ შემთხვევის დროს ვიშნიერსკა უგონო მდგომარეობაში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იყო.