1745299467
ტურისტული კომპანია Travel Door: საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა და ზოგადად მათი დარჩენის ხანგრძლივობა გაიზარდა

ზაფხულის ტურისტულ სეზონი საქართველოსთვის საკმაოდ აქტიურად დაიწყო, - ამბობს ტურისტული კომპანია Travel Door-ის გენერალური მენეჯერი თამუნა პაპავა. მისივე თქმით, Travel Door ორიენტირებულია და აქტიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე და ინდოეთზე და ამ მიმართულებებიდან ტურისტების ზრდა სახეზეა.
„რაც შეეხება 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს, ის საკმაოდ წარმატებით დაიწყო საქართველოს ტურიზმისთვის, რადგანაც ვიზიტორების რაოდენობა და ზოგადად მათი დარჩენის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასიხარულო მომენტია ტურიზმის სფეროში, ვინაიდან უფრო მდგრად ტურიზმზე გადავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელ-ირანის დაპირისპირებამ გარკვეული დღეების განმავლობაში ცოტათი შეაფერხა ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან, ფრენები ეტაპობრივად აღდგა, ვითარება დასტაბილურდა და პოზიტიური ტენდენციები კვლავ ფიქსირდება“, - ამბობს თამუნა პაპავა.
Travel Door-ის გენერალური მენეჯერის თქმით, გალფის ქვეყნებდან ჩამოსულ მოგზაურებს საქართველოში ძირითადად თბილისი და აჭარის რეგიონი აინტერესებთ.
„თუმცა ამ სეზონზე დიდი ინტერესი გამოიკვეთა სვანეთის მიმართულებითაც. ასევე აინტერესებთ კახეთი და ზოგადად რეზორტები. ახლო აღმოსავლეთიდან ძირითადად მოთხოვნა პასიურ დასვენებაზეა“, - ამბობს ტურისტული კომპანიის გენერალური მენეჯერი.
ირკვევა, რომ გალფის ქვეყნებიდან საქართველოში 5-7 დღით ჩამოსული ტურისტის საშუალო ხარჯი საქართველოში 700-800 დოლარია.
თამუნა პაპავა მიიჩნევს, რომ ავიაკომპანია Indigo-ს მიერ მუმბაიდან პირდაპირი ფრენების დამატება, ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით მოგზაურობის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.
„ინდოეთისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. ინდოეთი საკმაოდ დიდი ბაზარია. აქამდე თბილისის მიმართულებით ფრენები გვქონდა დელიდან, თუმცა ახლა ემატება ფრენები მუმბაიდან. ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს აგენტებთან, რომლებიც დაფუძნებულები არიან მუმბაიში და საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო აქამდეც და მაინც მოდიოდნენ. თუმცა ავიამიმართულების დამატებამ მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. ინდოეთი საქართველოსთვის შედარებით ახალი ბაზარია და აქტიურობა 2 წელია რაც დაიწყო და აქედან გამომდინარე მუმბაი ერთ ერთი ძლიერი მიმართულება იქნება საქართველოს ტურიზმისთვის ვიზიტორთა რაოდენობის თვალსაზრისით“, - აცხადებს თამუნა პაპავა.