თითოეულ ოჯახთან გვაქვს კომუნიკაცია - შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხდება ამ ოჯახების მათ სახლებში შეყვანა, მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც შედარებით უსაფრთხოა შენობა - ირაკლი ბენდელიანი

ირაკლი ბენდელიანი

თითოეულ ოჯახთან გვაქვს კომუნიკაცია, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა თბილისში, თევდორე მღვდლის #10-ში მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებთა შესახებ.

მისი განცხადებით, სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ, დაიწყება კორპუსის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა.

"როგორც უკვე იცით, ყველა სასტუმროში გვყავს გადაყვანილი. თითოეულ ოჯახთან გვაქვს კომუნიკაცია და ორგანიზებულად, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხდება ამ ოჯახების, სათითაოდ მათ სახლებში შეყვანა, ოღონდ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შედარებით უსაფრთხოა შენობა.

არის შემთხვევა, რომ ერთ ოჯახში კონკრეტულად შვილი და რძალი გავიდა ბინიდან, მშობლები დარჩნენ თვითნებურად და მაგათთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დღეს დღის ბოლომდე ეს პრობლემაც უკვე აღმოფხვრილი იქნება.

პირველ ეტაპზე მოხდება საფრთხის შემცველი ფრაგმენტების ჩამოხსნა, ხოლო უშუალოდ მთლიანად კორპუსის დემონტაჟის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს დედაქალაქის მერიას. სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ დაიწყება კორპუსის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა,” - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 14 ივლისს მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა.