რუსთავში ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა
1751641039
დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, კვირეულის ფარგლებში პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს. სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: ვაზიანში - მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში - ცურვასა და შაშხანით სროლაში.
მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში პარაკალათბურთის შეჯიბრი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი უჯმაჯურიძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი - გიორგი გოგოჭური და სხვა სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
გამარჯვებული გუნდების წევრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს. უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ მინაგორაშვილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს - 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეული, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.