„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მან ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა, როგორც ოჯახის ნაწილი.
"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას.
ჩვენ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდეს ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დებულება, ოჯახის შესახებ, რომ ის ევოლუციის შედეგად კი არ წარმოიშვა, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, ცხოვრობდნენ მამაკაცები და ქალები და ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრეს, რომ დააწესონ ოჯახური ცხოვრების წესი... ასე არ იყო, არამედ, თავიდანვე, ადამიანი ღმერთმა შექმნა ადამიანი, როგორც ოჯახი. ბიბლია გვაუწყებს ჩვენ, რომ უფალმა თქვა, არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს, და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი. აკურთხა ისინი და თქვა - აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა. ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი - ოჯახი. ახალი აღთქმის პერიოდში, ქრისტეს ეკლესიაში, ოჯახმა კიდევ უფრო აღმატებული მნიშვნელობა შეიძინა. მას მცირე ეკლესიასაც უწოდებენ, ან სახლის ეკლესიას, იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი და სახე დიდი მსოფლიო ეკლესიის. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალი იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება. წმინდა მოციქული პავლე წერს, რომ კაცია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა. შემდეგ დასძენს: ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავ დასდო მისთვის.
მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში, ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი - ეკლესიის. მეუღლეებს ეძლევათ ჯვრისწერის დროს ეს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყვნენ ერთ ხორც და ერთ სულ. ამრიგად, ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება და ეს ერთობა მარადიულია, თუ არ დაარღვია ადამიანმა. მეუღლეებს ასევე ეძლევათ მადლი, შვილიერების, რომ ქრისტიანულად აღზარდონ თავიანთი შვილები. ოჯახი ასევე არის, გარდა იმისა, რომ ეკლესიის სახეა, სამრევლო თემის სახეც არის. ამ მცირე ეკლესიაში ქმარი არის როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა, როგორც მისი თანაშემწე, დიაკვნის მსახურებას განასახიერებს. შვილები კი არიან მათი სამწყსო, ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ. ეკლესიის მიზანი არის მისი წევრების გადარჩენა. ჩვენ ვიკრიბებით დედაეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში.
ასევე, ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე ძმებო და დებო, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთსიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ. ამდენად, ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა ღვთის მიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. ამდენად, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ მისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა", - განაცხადა მეუფე შიომ.