„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
„თბილისობა 2025"-ის პირველი დღე დასრულდა, თუმცა წინ მეორე დღეა. რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი ის მთავარი ადგილებია, სადაც მთელი დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ადგილზე მისულ სტუმრებს შემეცნებითი, სპორტული და გასართობი აქტივობები დახვდათ. დღევანდელ დღეს გასტრონომიული და ღვინის ფესტივალის გარეშეც არ ჩაუვლია.
სიმღერა თბილისზე და ყველაფერი, რაც დედაქალაქის სავიზიტო ბარათია, ყოველ წელს, შემოდგომით, ერთ სივრცეში იყრის თავს. ამ ყველაფერთან ერთად, გამოფენილი ქართული ნაწარმი, ტრადიციული ღვინო და ჭრელი დახლები იმის ნიშანია, რომ "თბილისობა" აღინიშნება.
"თბილისობას" წლიდან წლამდე განსაკუთრებით ელოდებიან მეწარმეები, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს და აქსესუარებს მოსულ სტუმრებს სთავაზობენ. ისინი ამბობენ, რომ დღესასწაული მათთვის დამატებითი შესაძლებლობაა პროდუქცია ქართველ და უცხოელ სტუმრებს გააცნონ.
წელს განსაკუთრებული ადგილი საბავშვო სივრცეს უკავია - კონცერტი პატარებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟების მონაწილეობით დილიდან მიმდინარეობდა.
დილიდან ხალხმრავლობაა რიყის პარკში. ღონისძიების ძირითადი ნაწილი სპორტულ შეჯიბრებებს დაეთმო, მათ შორის, ქართულ ჭიდაობას. სპორტულის გარდა, ადგილზე არაერთი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიება, ტრადიციულად, თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. მოლოდინი გამართლდა - წელსაც, თბილისობის პირველივე დღე განსაკუთრებული ემოციებით და ხალხმრავლობით დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებები ხვალაც გაგრძელდება. მოქალაქეებს კვირასაც მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ. "ყველა უმღერის თბილისს" - ეს იმ გალა-კონცერტის სახელწოდებაა, რომლითაც ხვალ "თბილისობა 2025" დაიხურება.