1752606870
როცა ხელისუფლება გთავაზობს, რომ უნდა გამოხვიდე შენობიდან, უნდა გამოხვიდე. მერე კი არ უნდა აბრალო ხელისუფლებას, მაინც და მაინც მსხვერპლი უნდა მომხდარიყო? არ შეიძლება ასეთი რაღაც - ადგილობრივი

სადგურის მოედანზე, კორპუსში, სადაც ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ამ წუთებში ექსპერტები არიან შესულები. სპეციალისტები სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რის მერეც აქ მოქალაქეებს საკუთარი ნივთების გამოსატანად, ეტაპობრივად შეუშვებენ. ტერიტორია ისევ ჯებირებითაა შემოსაზღვრული. ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებებიც.
„მერიამ გამოგზავნა სამაშველო ძალა, ეტაპობრივად შეჰყავთ 3-3 ადამიანი, რომ გამოიტანონ ყველაფერი. მერია გვერდში უდგას ამ ხალხს“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცოტა წინ თემაზე თბილისის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, კორპუსს ავარიულობის მესამე კატეგორიის ხარისხი აქვს, გამგეობამ არაერთი შეხვედრაც გამართა, თუმცა ჩანაცვლებაზე მოსახლეობის ასპროცენტიანი თანხმობა ვერ მიიღო.
„თავიდან მიწისძვრა გეგონებოდა და მერე უცბად იყო ძალიან დიდი ხმაური, ბრახუნი იყო. მეგონა, რაღაც ჩავარდა სადარბაზოში, ჩაიშალა კიბეები, მეშინოდა საერთოდ გამოსვლა. მერე სამაშველო დამეხმარა და გამომიყვანა. ჩანაცვლების პროგრამაზე იყო მოლაპარაკება ამის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში 100% უნდა იყოს თანახმა, ყველა უნდა გასულიყო და 100% არ იყო თანახმა. მე თანახმა ვიყავი“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივების თქმით, ყველა გაფრთხილებული იყო შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით და არ სურდათ კორპუსის დატოვება.
„როცა ხელისუფლება გთავაზობს, რომ უნდა გამოხვიდე შენობიდან და რეკონსტრუქციას შენობა არ ექვემდებარება, უნდა გამოხვიდე. მერე კი არ უნდა აბრალო ხელისუფლებას. ყველა იყო ინფორმირებული, რომ შენობა დაეცალათ, მაგრამ არავის სურდა გამოსვლა იქიდან. მაინც და მაინც მსხვერპლი უნდა მომხდარიყო? არ შეიძლება ასეთი რაღაც“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.