რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

რევაზ სოხაძე

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სამინისტროს გუნდთან ერთად, შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამთან.

შეხვედრის მხარეებმა განიხილეს ADB-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, შეაჯამეს ერთობლივი პროექტების შედეგები, მიმოიხილეს მიმდინარე სამუშაოები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

„აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადავუხადეთ იმ პროექტებისთვის, რომელიც მათი მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ისეთებზე, როგორიცაა ბათუმი-სარფის გზა  და გვირაბი, ქობულეთის შემოვლითი გზა და იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, მალე დაიწყოს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა. ასევე, გამოვთქვით სურვილი კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა და მათი მხარდაჭერა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი  სხვა მიმართულებებითაც“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო პროექტების განხორციელებაში.

ბანკის მუდმივი მისიის წარმომადგენელებმა, წარმატება უსურვეს მინისტრსა და მის გუნდს საქმიანობასა და ერთობლივი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაში. ADB-სთან თანამშრომლობა უკვე სამი ათეული წელია გრძელდება და მოიცავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებას. ADB-ის მხარდაჭერით განხორციელდა და მიმდინარეობს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება; აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება; დასახლებების ურბანული განვითარება; სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები – ვახუშტი ბაგრატიონი, მზია გიორგობიანი, გიორგი კობერიძე, ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე; აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეს პეტერსონი, ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ზეღამ ნაქვი, ურბანული განვითარების სპეციალისტი მარია პია ანკორა და სატრანსპორტო საკითხების მთავარი სპეციალისტი  ლი მინგ ტაი.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.