„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
თუ ოდესმე ვაშლს კარგად დაჰკვირვებიხართ, შენიშნავდით რომ მისი ზედაპირი მომცრო ზომის მოყავისფრო ან თეთრი ლაქებითაა დაფარული. მაინც რა ფუნქცია აქვს ამ წინწკლებს? ისინი მცენარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მსგავსი ლაქები არაერთი მცენარის კანზე, ანუ ეპიდერმისზე, გვხვდება - ღეროებზე, ნაყოფსა და მერქანზეც კი. ისინი სპეციალური ფორებია, რომლებიც სხვა ხილსა და ბოსტნეულშიც გავრცელებულია, მათ შორისაა ატამი და კარტოფილი. ასევე, ხეებიდან არყისა და ალუბლის მერქანზე შეინიშნება, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
რაც შეეხება მათ დანიშნულებას, ეს მცენარის შიდა ქსოვილებსა და გარემოს შორის აირების მიმოცვლის ხელშეწყობაა. ფოთლებში ამ ფუნქციას ბაგეები ითავსებს, ზოგი ხილისა და მერქნის ეპიდერმისი კი გაუმტარია. სწორედ ამ შემთხვევებში ეხმარება ფორები მცენარეებს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიღება-გამოყოფაში, აგრეთვე ნაყოფში ტენიანობის დონის კონტროლში.
აღსანიშნავია, რომ მცენარეებში აირების მიმოცვლა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, რაც თავად პროცესზეა დამოკიდებული. მაგალითად, ფოტოსინთეზისას ნახშირორჟანგი შთაინთქმება, ჟანგბადი და შაქრები კი გამოიყოფა/წარმოიქმნება. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი ზრდისთვის საჭირო ენერგიის წყაროდ გარდაიქმნას, პირიქით ხდება, ანუ ჟანგბადი შთაინთქმება და ნახშირორჟანგი გამოიყოფა.
ეს აერობული რესპირაციის დამსახურებაა, რაც ნაყოფის ჩამოსაყალიბებლად და დასამწიფებლად აუცილებელია. აღნიშნული პროცესი მაშინაც კი არ წყდება, როცა ხილი უკვე დაკრეფილია. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსინთეზში უმეტესად ფოთლები მონაწილეობს, შესაძლოა, საკუთარი როლი ფორებსაც ჰქონდეს და ეპიდერმისში მზის სხივების შეღწევას უწყობდეს ხელს (ჩვეულებრივზე მცირე დოზით).
უნდა ითქვას ისიც, რომ ფორები მცენარეს გარკვეული რისკის წინაშეც აყენებს, რადგან ბაქტერიებისა და სოკოების სამიზნედ შეიძლება იქცეს. თბილ და ნოტიო გარემოში ეს ნაწილები ინფიცირდება და ფორების დაზიანებას ან ლპობას იწვევს. შედეგად ხილი ფუჭდება, ფერს იცვლის ან უხეშ ტექსტურას იძენს.