ცნობილი ქართველი „ტიკ-ტოკერი“ თიკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
1754334816
"ცისფერი მთები", "შერეკილები" და "არაჩვეულებრივი გამოფენა" რამდენჯერაც არ უნდა ნახოთ, იმდენჯერ ახალი აღმოჩენით გაოცდებით. ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოაჩენთ მათში. ამ ფილმების გენიალურობა სწორედ ელდარისთვის დამახასიათებელ ესთეტიკაში, იუმორში, მუდმივად აქტუალურობაშია...
„ვერა და ვერ გავაგებინე, ბატონო, ვერავის, რომ ალფა პლუს ბეტა, პლუს გამა, პლუს სიყვარული უდრის აღმაფრენას!”- ასეთია ფრენის ფორმულა, რომელსაც მისი ფილმის გმირი, ხანდაზმული შერეკილი, ქრისტეფორე ქადაგებს.
დღეს დილით, 92 წლის ასაკში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი, ქართული კინოს კლასიკოსი, სიცოცხლეში ლეგენდად ქცეული ელდარ შენგელაია გარდაიცვალა...
მშობლები
უნივერსალური, არასტანდარტული გარეგნობის, ძალიან ქალური, დახვეწილი, ულამაზესი 19 წლის ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) ეკრანებზე პირველი გამოჩენისთანავე იქცა. როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მაყურებლის უმეტესობას ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ფილმები არც კი უნახავს, ეს სახელი ყველამ იცის. მან ხანმოკლე ცხოვრებისა და კინოში არცთუ ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე, 27 ფილმში ითამაშა (1923-იდან 1952 წლის ჩათვლით). გამორჩეულად პოპულარული და ავტორიტეტული, დაფასებული და აღიარებული ადამიანი იყო სახელოვნებო სფეროდან - საქართველოშიც და მთელ საბჭოთა კავშირშიც.
1926 წელს ნატო ახალგაზრდა და ნიჭიერ კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიაზე დაქორწინდა. ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანს ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა ნატოსა და ნიკოლოზის ოჯახს:
ერთ საღამოს თბილისელებმა ვლადიმერ მაიაკოვსკის გაუმართეს შეხვედრა. დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო… და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა, ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი – გიორგი შენგელაია.
პირველი ტრაგედია
რეჟისორი პირველ დიდ ტკივილს ბავშვობაში შეეჩეხა, როცა მამა, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, გარდაიცვალა და მეორედ – უკვე ყმაწვილკაცობაში, როცა დედა, ქართული კინოს ვარსკვლავი, ნატო ვაჩნაძე, დაიღუპა. ბატონი ელდარი ამ ორ ტრაგედიას ასე იხსენებს:
– ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ერთ საბედისწერო დღეს კი…
– მამას გული გაუსკდა, – მითხრეს. სიტყვა “ინფარქტს” სასაუბრო მეტყველებაში არ იყენებდნენ.
– მერე რა მოხდა, შეუკერონ, – მიამიტად მივუგე.
ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. მაშინ 9 წლის ვიყავი, ჩემი ძმა, გიორგი – 5-ის. რაც მოხდა, მხოლოდ წლების შემდეგ აღვიქვი. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო… დედა ყოველმხრივ ცდილობდა, ჩვენთვის მამით ობლობა არ ეგრძნობინებინა, ეს დანაკლისი თავად შეევსო. სამი ძმიდან მე შუათანა გახლდით – თენგიზი ჩემზე 7 წლით უფროსი იყო, გიორგი – 4 წლით უმცროსი. თენგიზის მამა, მერაბ ვაჩნაძე, 1938 წელს ციმბირში გადაასახლეს და იქ დაიღუპა.
ჩემი და გიორგის მამა, ნიკოლოზ შენგელაია კი – 1943 წლის 4 იანვარს, კახეთიდან მომავალ გზაზე… დედა ჩვენს პრობლემებს ვაჟკაცურად უმკლავდებოდა.
საკავშირო კინოინსტიტუტში წესად იყო, ვინც კარგად ვერ ისწავლიდა, წლის ბოლოს გარიცხავდნენ. დედა ჩემ გამო ძალიან ღელავდა და მოსკოვში ჩამოფრინდა. იქ სხვა საქმეებიც ჰქონდა. გამოცდები რომ კარგად ჩავაბარე, ძალიან გაუხარდა.
– რაკი კარგად ჩავაბარე, თემიკო ჩირგაძესთან წავალ, – ვუთხარი.
– დროულად ჩამოდი მოსკოვში. დაგელოდები, შენს ჩამოსვლამდე თბილისში არ წავალ, თუ შეგაგვიანდება, ბილეთს დავაბრუნებ, – მომიგო დედამ.
ჩემი მეგობარი თემიკო ჩირგაძე (“ცისფერ მთებში” დირექტორ ვაჟა ზაზაევიჩს თამაშობს) სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამხედრო ავიაციაში განაწესეს, კალუგაში პატარა აეროდრომზე მსახურობდა. მასთან გავემგზავრე მეგობრებთან ერთად და კარგად მოვილხინეთ. მერე დავიძინეთ. ძილი ძალიან მიყვარს. სხვა დროს ბომბიც რომ აფეთქებულიყო, ძილს ვერ დამირღვევდა, მაშინ კი ზუსტად 3 საათზე გამეღვიძა. თემიკოც გავაღვიძე და ვუთხარი:
– მოსკოვში უნდა წავიდე, ახლავე!
– კი, მაგრამ ახლა მატარებლები არ დადის.
– რამე მაინც იქნება, თუნდაც საბარგო მატარებელი, – დავიჩემე.
მართლაც, გავედით ბაქანზე და, ბედად, საბარგო მატარებელიც ჩამოდგა, რომლითაც გავემგზავრე. მოსკოვის შემოგარენში კი “ელექტრიჩკაზე” გადავინაცვლე. მოსკოვში იმ სასტუმროში მივედი. დედამ მითხრა, უკვე ბილეთის დასაბრუნებლად მივდიოდიო.
– სიტყვა ხომ შევასრულე, შენთან ხომ მაინც ჩამოვედი, – მივუგე.
ჩემი უფროსი ძმაც მოვიდა. დედა ავტობუსში ჩავსვით და გავაცილეთ. წავიდა და წავიდა… თბილისში მოფრინავდა.
ნეტავ, არ ჩავსულიყავი დროზე, იქნებ იმ ავბედით რეისს ასცდენოდა!.. დედა 1953 წლის 14 ივნისს დაიღუპა, თავის დაბადების დღეს. 49 წელი უსრულდებოდა… მე 20 წლის ვიყავი, თენგიზი – 27-ის, გიორგი – 16-ის. ყველაზე ცოდო გიორგი გახლდათ, დედაჩემს სულ აკრული ჰყავდა, გვერდიდან არ იშორებდა.
დედა კულტურის სახლიდან გამოასვენეს. დაკრძალვას აურაცხელი ხალხი ესწრებოდა. მსახიობები კუბოს მიაცილებდნენ, რომელზეც იდო ერთი ვარდი. ვერის სასაფლაოზე წაასვენეს. მაშინ სასაფლაოს დიდი აგურის კედელი ერტყა. ხალხმრავლობის გამო კუბო კედლიდან გადაატარეს. შვილები ვეღარ შევდიოდით და ხალხის გაწევა გვიწევდა.
– რატომ მკრავ ხელს? – მისაყვედურა ერთმა ქალმა, – ნატო ვაჩნაძე მარტო შენი კი არა, ჩვენი დედაც იყო…
პატარა კუბო გახლდათ. მე არ ვიცოდი, შიგ რა იყო, ცხედარი ხომ ავიაკატასტროფაში დაიწვა. დრო რომ გავიდა, დეიდაჩემმა კირამ მითხრა, რომ იქ იყო მხოლოდ ხელის მტევანი ბეჭდით. ეს იყო და ეს… მერე გიორგიმ ბევრი იწვალა, რომ ნეშტი დიდუბის პანთეონში გადმოესვენებინა. სამი წლის შემდეგ მამაჩემიც გადმოასვენეს…
დედის გარეშე ცხოვრება ძალიან რთული იყო. ისევ გიორგიმ ივაჟკაცა, ის გვპატრონობდა. “ოთარაანთ ქვრივში” რომ გადაიღეს, ჰონორარი აიღო, მოსკოვში ჩამოვიდა, მკერავთან წამიყვანა და ძალიან კარგი პალტო შემიკერა, ჩემი ძველი პალტო უკვე შელახული იყო.
ჩემი სახელი ოჯახურ ჩრდილში იყო, რის გამოც პიროვნულად ძალიან ვიტანჯებოდი – ჯერ ნატო ვაჩნაძის შვილად მიცნობდნენ, შემდეგ გიორგის ძმად (“ოთარაანთ ქვრივის” შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა), არიადნა რომ ცოლად შევირთე, მერე ის გახდა პოპულარული. ჩემი ვინაობა ვერაფრით დავიბრუნე. ბოლოს, “არაჩვეულებრივი გამოფენა” რომ გადავიღე, რაღაცნაირად მეღირსა, თავი დამემკვიდრებინა.
„ქმარი არ მეყოლება… მალე უნდა მოვკვდე…“
ეს ტრაგედია შენგელაიების ოჯახში 2009 წელს დატრიალდა. ელდარის ნაბოლარა ქალიშვილი, 23 წლის ელენე შენგელაია ავტოავარიით დაიღუპა. მამამ ქალიშვილს 25 წლის აღსანიშნავად, ფილმი მიუძღვანა, რომელსაც ვიდეოალბომს ეძახის.
ფილმი ელენეს ბავშვობიდან, ცხოვრების ბოლომდე, გადაღებული ვიდეომასალების ნაკრებია. საოცრად თავმდაბალ ქალიშვილს, თავის თავზე ფილმი საშინლად არ ესიამოვნებოდა, – ასე ამბობდა დედამისი, ნელი დავლიანიძე.
ცნობილ მამასთან მოსასვლელი ჟურნალისტების შესახებ რომ შეიტყობდა, სახლიდან გარბოდა. „გვინდოდა, ამ ბავშვის შესახებ მეტი გაეგოთ ნათესავებს და ახლობლებს. სულიერებით აღსავსე, სხვანაირი ბავშვი იყო. მისთვის უსაყვარლესი ადამიანები რომ მოდიოდნენ სტუმრად, ის სახლიდან გარბოდა. გიჟდებოდა ნინო ანანიაშვილზე, მაგრამ არ ენახებოდა, სახლში არ ხვდებოდა.“
თავად ელდარი ასე იხსენებდა შვილს:
„ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. ჩვენ წავიყვანეთ ოპერაში, ნახა ნინო ანანიაშვილი და დაიწყო ცეკვა, როგორც ბალერინამ. მერე ყველაფერი მიატოვა, სწავლობდა გერმანიაში, მერე ამერიკაში. მერე მოინდომა მანქანებზე სიარული, ვეწინააღმდეგებოდი… დაჯდა მანქანაზე, თავის მეგობარი გააცილა, მაინცდამაინც მაშინ იყო წვიმა, დაეჯახა ხეს, ძალიან ცუდად გახდა. ჩვენ არ დაგვირეკა, დაურეკა თავის მეგობრებს. ავლაბარში, საავადმყოფოში წაიყვანეს, ჩვენ მივვარდით. ექიმებმა გვითხრეს ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ მერე გამოვიდნენ და სახეზე მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. შევედი, იქ ექთანი იყო და მითხრა, თვალები დაუხუჭეო. ასე წავიდა ელენე, ეს ჩემთვის და ჩემი ნელისთვის არის მუდმივი სევდა, ცისფერი მთები მივუძღვენი მას“.
დედა ელენეს ნათქვამ ფრაზებს იხსენებს. ის წინათგრძნობები უფრო იყო – „მე არ გავთხოვდები, ქმარი არ მეყოლებაო.
ზოგჯერ ამბობდა, მინდა შვილს ნიცა დავარქვაო. იმ ბოლო ზაფხულს, აგვისტოში, ქობულეთში 10 დღე დაისვენა, ჩვენ თბილისში ვიყავით. სანამ წავიდოდა, მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, მალე უნდა მოვკვდეო. არ მესიამოვნა… საერთოდ, არაფერს იჩემებდა. იმ ზაფხულს მანქანის ყიდვა არანორმალურად აიჩემა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდა. უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, მოეწყო GIPA-ს მაგისტრატურაში და საღამოს უნდა ევლო ლექციებზე. უცებ გადაწყვიტა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. წელს უნდა დავისვენო, ძალიან დავიღალეო. თუ ვერ მარჩენთ, მოწაფე ამიყვანეთო, ნახევრადხუმრობით ამბობდა.
მამამისი ბრაზობდა, რატომ გამოვიდა GIPA-დანო. ის ერთი, დასასვენებელი წელი მოიწყო. გამონაცვალი მანქანა ვუყიდე … გონიერია და ჭკვიანურად ატარებს-მეთქი, ვამბობდი.
ელდარი ბობოქრობდა. არაფრით უნდოდა მანქანის შეძენა. ეგ არ არის ძლიერი გოგო, რა მაგის საქმეა მანქანაო… ის დღე, 11 სექტემბერი, არაფრით ყოფილა გამორჩეული… სახლში მომიყვანა და… მერე, ეს ტრაგედიაც დაგვატყდა… მე რაღაცნაირად დავიჯერე, რომ რაც მოხდა, ასეც უნდა მომხდარიყო. ეტყობა, განგების მიერ მისი ცხოვრება 23 წლით იყო შემოფარგლული.
ელენე მამასთან მის ფილმებზე არ საუბრობდა, თუმცა დედა ამჩნევდა, როგორ სიამოვნებდა ელდარის ფილმებზე საქებარ სიტყვებს რომ იგებდა და ჩუმად ამაყობდა. ბავშვობაში, ერთ ნახვაზე თითო ფილმს, ზედიზედ სამჯერ მაინც უყურებდა. „დედა, შენ რა იცი, რატომ ვნახულობ ამდენჯერ. მამაჩემის ფილმებიდან მე ჭკუა მემატებაო“. ელენეს კურსელებმა მეორე კურსზე გაიგეს, რომ ელდარის შვილი იყო...
ელდარ შენგელაია ბავშვობასა და პირველ სიყვარულზე
გადაცემა „იმედის დღის“ რუბრიკას პერსონა ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად რეჟისორი ელდარ შენგელაია და ლეო ანთაძე სტუმრობდნენ. კლასელების შეხვედრა სკოლაში 84 წლის შემდეგ საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.
ელდარ შენგელაიამ მისი პირველი სიყვარული გაიხსენა. მანვე გაიხსენა სკოლაში ნატო ვაჩნაძის მისვლა.
„პირველ კლასში ვიყავი, პატარა გოგონა იჯდა ჩემს გვერდით და შემიყვარდა. მეორე დღეს დედას მძივები მოვპარე და მას მივეცი. იმან საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. შემდეგ ეს მძივები სამასწავლებლოში დირექტორთან აღმოჩნდა, მკითხეს ვისიაო, ტირილი დავიწყე და ვუთხარი – დედასია.. დედა მოვიდა და მკითხა, სად არის ის გოგოო, მივიდა და აჩუქა..“, – აღნიშნა რეჟისორმა.
ელდარ შენგელაიამ უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.
ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრესინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.
მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043