„გატეხილი გულის სინდრომი" კაცებში ორჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე ქალებში

გატეხილი გული

გატეხილ გულს არა მხოლოდ ემოციური, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზიანის მოტანაც შეუძლია. ეს ფენომენი სამედიცინო ენაზე ტაკოცუბოს კარდიომიოპათიის სახელითაა ცნობილი, რაც გულის ფუნქციის დროებით და მწვავე დაქვეითებას ნიშნავს. მიზეზი ხშირად ფიზიკური ან შინაგანი სტრესია.

არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-ში მცხოვრები 199 890 პაციენტის 2016-2020 წლების მონაცემები გააანალიზა. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ პერიოდში ტაკოცუბოს დიაგნოზის შემთხვევები ოდნავ გაიზარდა როგორც ქალებში, ისე კაცებში, თუმცა მდგომარეობა უფრო მეტად პირველში ვლინდებოდა. მიუხედავად ამისა, კაცებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა: 11.2%, ქალებში კი — 5.5%. საერთო სიკვდილიანობა 6.5%-ს შეადგენდა.

"მოლოდინს არ შეესაბამებოდა ის ფაქტი, რომ ტაკოცუბოს კარდიომიოპათიით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და ის ხუთწლიან პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან ერთად, ჰოსპიტალიზაციის დროს გართულებათა სიხშირეც მაღალი იყო", — აღნიშნავს ინტერვენციული კარდიოლოგი, რეზა მუვაჰედი. 

ვარაუდობენ, რომ ამგვარი კარდიომიოპათია სტრესის ჰორმონების მოზღვავებითაა გამოწვეული, რაც ფიზიკური ან ემოციური სტრესითაა განპირობებული. პირველში ქირურგიული ჩარევა ან ინფექცია შეიძლება მოიაზრებოდეს, ხოლო მეორეში — განქორწინება ან საყვარელი ადამიანის სიკვდილი. კაცებში პირველი ფორმა უფრო ხშირია, რაც, შესაძლოა, მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი იყოს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჰორმონული ბალანსის სქესობრივი განსხვავებებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ტაკოცუბოს კარდიომიოპათიის თანმდევ გართულებებში შედის გულის უკმარისობა (35.9%), წინაგულის ფიბრილაცია (20.7%), კარდიოგენული შოკი (6.6%), ინსულტი (5.3%) და გულის გაჩერება (3.4%). მდგომარეობის სიმპტომები ხშირად გულის შეტევაში ან ტკივილში ერევათ, რის გამოც იგი არასწორად შეიძლება შეფასდეს. კვლევის ავტორები ცდილობენ, დაავადების შესახებ ცნობიერება გაზარდონ, რათა დროული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა უფრო მეტ ადამიანში გახდეს შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ტაკოცუბოს კარდიომიოპათია სამედიცინო საზოგადოებისთვის ახალი არ არის, დაავადებასთან დაკავშირებული ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია — დაწყებული დიაგნოსტიკით, დამთავრებული გართულებების პრევენციით. მართალია, ყველა შემთხვევა რომანტიკულ ურთიერთობებთან არაა კავშირში, მაგრამ აშკარაა, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვა მძიმე შედეგებს იწვევს როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად.