1757179938
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმე - დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმე - დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს პროკურატურამ ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენა.
საუბარია 2 ჰექტარზე განთავსებულ მიწის ორ ნაკვეთზე, რომლის სტატუსის შეცვლის სანაცვლოდაც, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 400 000 დოლარი მოსთხოვა. პროკურატურამ დღეს დაკავებულს ბრალი წარუდგინა.
საქმეში დევს ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებიც. მასალაში ჩანს ქრთამის მიცემის მომენტი. გამოძიების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქემ გიორგი კაპანაძეს 80 000 დოლარი გადასცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უწყება მსგავსი დანაშაულის გამოსავლენად აქტიურად მუშაობს. სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში, აქცენტი, სწორედ კორუფციასთან ბრძოლაზე კეთდება.
კორუფციასთან ბრძოლა რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამაზე დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი მიზანია კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველომ ადგილი ევროპის სამეულში დაიკავოს.
რა პოზიცია აქვს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით გიორგი კაპანაძეს, ჯერჯერობით უცნობია. მედიასთან არ გამოჩენილა არც მისი ადვოკატი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რწმუნებულის მოადგილეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის, 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.